![„[MTA-ს] არაფრის კეთება არ უნდოდა" - Best Western Gudauri უწყების პოლიტიკას აკრიტიკებს](https://bm.ge/uploads/files/2026/05/13/312398/best-western-gudauri_w_h.jpeg)
„[MTA-ს] არაფრის კეთება არ უნდოდა" - Best Western Gudauri უწყების პოლიტიკას აკრიტიკებს
„[MTA-ს] არაფრის კეთება არ უნდოდათ, ბარემ დაკეტეს კიდევაც“, - ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო Best Western Gudauri-ის მფლობელმა გიორგი კვიწინაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
იგი მთის კურორტების განვითარების კომპანიის (MTA) მუშაობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ უწყებამ რეკორდულად უხვთოვლიანი სეზონის პოტენციალი ვერ გამოიყენა. მისი შეფასებით, მაშინ როცა გუდაურში იანვარი და თებერვალი განსაკუთრებით აქტიური იყო, მარტში ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამო ტურისტული ნაკადები მკვეთრად შემცირდა, თუმცა MTA-ს ალტერნატიული ბაზრების მიმართულებით არ უმუშავია.
„MTA-მ უყურა… ჰქონდა ძალიან აქტიური იანვარი-თებერვალი. მერე მარტში იქიდან გამომდინარე რომ ომი დაიწყო, პრაქტიკულად გუდაურში ჩემს სასტუმროში იყო დაახლოებით 30%-იანი დატვირთულობა... არც არანაირი აქტივობით არ უსარგებლია ვთქვათ ტურიზმის სააგენტოს, რომ რაღაცით წაეხალისებინა… ევროპის ან რუსეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიმართულებით, რაიმე ტიპის აქტივობა მაინც გაეკეთებინათ“, – აცხადებს კვიწინაშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ MTA-მ ზამთრის სეზონი 19 აპრილს დახურა, გუდაურში თოვლი მაისშიც შენარჩუნებულია და სასრიალო პირობები ამ დრომდე არსებობს. კვიწინაშვილი ამბობს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ასეთი უხვთოვლიანი სეზონი არ ახსენდება.
„ახლაც ისეთივე თოვლი არის, როგორიც იყო მაგალითად მარტის თვეში. ახლაც ისეთივე კარგად შეიძლება ისრიალოს ადამიანმა მაგალითად კობის ტრასაზე... როგორც თებერვალში ვსრიალებდით“, – ამბობს იგი.
ბიზნესის წარმომადგენლის შეფასებით, სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა გუდაურს კონკურენტული უპირატესობა და სეზონის გახანგრძლივების შესაძლებლობა, რადგან ევროპის ბევრ კურორტზე სეზონი თოვლის ნაკლებობის გამო უკვე დასრულებული იყო, თუმცა გუდაურის კურორტის პოპულარიზაციისთვის შესაბამისი კამპანია არ ჩატარებულა : „არანაირი მარკეტინგული კამპანია... არაფრის კეთება არ უნდოდათ, ბარემ დაკეტეს კიდევაც რა და აღარც შეიწუხეს თავი“, - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.
კვიწინაშვილი აღნიშნავს, რომ კურორტზე აპრილიდან სასტუმროებმა ფასებიც მნიშვნელოვნად შეამცირეს. მისი თქმით, თუ ზამთარში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულება 140-180 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, გაზაფხულზე ფასი 60-70 დოლარამდე ჩამოვიდა, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში კი 90-100 დოლარამდე : „70 დოლარად შეგიძლიათ ორი ადამიანი საუზმით ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროში წახვიდეთ გუდაურში... 90-100 დოლარამდე კი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. გეკითხებით, სად უნდა წახვიდე მაგაზე უკეთესში“, – აცხადებს იგი.
მისივე შეფასებით, გუდაურის მთავარი პრობლემა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა აღარ არის და ყოველწლიურად მცირდება გადახდისუნარიანი ტურისტების რაოდენობა.
„ყოველ წელს დატვირთულობის კოეფიციენტის პრობლემა კი არ გვაქვს - გადახდისუნარიანობის პრობლემა გვაქვს... სასტუმროსთვის მთავარი ის კი არ არის რომ ნომერი გაყიდოს... მთავარი არის რომ იმ სტუმარმა რესტორანშიც შეჭამოს, სერვისებით ისარგებლოს...50 ლარიანი ეკიპირება კი არ შეიძინოს, 100 ლარიანი იყიდოს, მაგრამ 100 ლარიანი ეკიპირების მყიდველი არავინ არ არის“, – ამბობს გიორგი კვიწინაშვილი.
მისი შეფასებით, გუდაურის შემთხვევაში მთავარი პრობლემა სწორედ სტრატეგიის არქონაა : „მარტი, აპრილი, მაისი…დიდი რაოდენობით თოვლი გვაქვს და მოდი რა, გუდაურის გაპიარებას დავაჭიროთ წიხლი…მაგრამ ეგ სტრატეგიულად ვერ გათვალეს. საერთოდ არის სტრატეგია? - შეიძლება მსჯელობა“, – აცხადებს Best Western Gudauri-ის მფლობელი.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში 2025–2026 წლის ზამთრის სეზონი ნაადრევად, 19 აპრილს დაიხურა, მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე საკმარისი თოვლი და ხელსაყრელი პირობები იყო. "მთის ტრასების სააგენტო" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სსიპ-ია. MTA მართავს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს 4 მთის კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე. „მთის ტრასების სააგენტოს“ ამჟამად ირაკლი ბურჭულაძე ხელმძღვანელობს
BM.GE
წყარო: bm.ge