
მთავრობამ საწვავის აქციზიდან ხუთ თვეში 298 მილიონი ლარი მიიღო
2026 წლის იანვარ-მაისში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 298 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით, ანუ 29 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
დოკუმენტის მიხედვით, გადახდილი აქციზიდან 145 მილიონი ლარი წარმოადგენდა ბენზინის აქციზის გადასახადს (კლება წინა წელთან 0.5%); 93.7 მილიონი ლარი იყო დიზელის საწვავის აქციზი (კლება წინა წელთან 10%), ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 59 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 207%). შესაბამისად, მიმდინარე წელს დიზელისა და ბენზინის აქციზის შემოსავლები შემცირებულია, სხვა კატეგორიის საწვავის აქციზის შემოსავლები კი მზარდია.
არსებული მდგომარეობით, ერთი ტონა ბენზინის აქციზის გადასახადი შეადგენს 500 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ ბენზინის სიმკვრივეა 0.7361, ერთი ტონა ბენზინი შეადგენს 1358 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 37 თეთრს (უფრო ზუსტად 36.819 თეთრს) შეადგენს. აქედან გამომდინარე, 2026 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანაში რეალიზებული ბენზინის ჯამური მოცულობა შეადგენდა 393,812,975 ლიტრს (145,000,000 ლარი / 0.36819 ლარზე).
რაც შეეხება დიზელის საწვავს, ერთ ტონა დიზელზე აქციზი შეადგენს 400 ლარს, იქიდან გამომდინარე რომ დიზელის სიმკვრივეა 0.8367, ერთი ტონა დიზელი შეადგენს 1195 ლიტრს, ხოლო ერთ ლიტრზე გაანგარიშებით აქციზის გადასახადი 33.5 თეთრს (უფრო ზუსტად 33.473 თეთრს) შეადგენს. აქედან გამომდინარე, 2026 წლის პირველ 5 თვეში ქვეყანაში რეალიზებული დიზელის საწვავის ჯამური მოცულობა შეადგენდა 279,927,105 ლიტრს (93,700,000 ლარი / 0.33473 ლარზე).
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთიდან 635 მილიონი დოლარის ღირებულების 738 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც თანხობრივად წინა წელთან შედარებით 28%-ით, რაოდენობრივად კი 11%-ით მეტია. ამასთან, თუკი მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის საშუალო ფასი ერთ ტონაზე 697 დოლარი იყო, მაისში იმპორტირებული საწვავის საშუალო ფასმა ტონაზე 1115 დოლარს მიაღწია, რაც 60%-იანი გაძვირებაა.
ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი 220 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი საქართველომ კვლავ რუსეთიდან შეიძინა, თუმცა იმპორტი 10%-ით არის შემცირებული, რაც მათ შორის განპირობებულია რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტის აკრძალვით, რომელიც 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედდა და 31 ივლისამდე შენარჩუნდება.
რუსეთის შემდეგ იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 84 მილიონი დოლარით, საიდანაც იმპორტი წელს 260%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი რუმინეთია 61 მილიონი დოლარით.
BM.GE
წყარო: bm.ge