მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნარჩენი არის რესურსი, რომელსაც სწორი მიმართულება და გადამუშავება სჭირდება" - Georgian Packaging
"ნარჩენი არის რესურსი, რომელსაც სწორი მიმართულება და გადამუშავება სჭირდება" - Georgian Packaging

"ნარჩენი არის რესურსი, რომელსაც სწორი მიმართულება და გადამუშავება სჭირდება" - Georgian Packaging

BM.GE7 მაისი, 2026, 22:22|bm.ge

კომპანია Georgian Packaging-ის გენერალურმა მენეჯერმა ვერონიკა გოგოხიამ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ნარჩენების მართვაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების აუცილებლობაზე, კომპანიის ექსპორტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნარჩენი არა პრობლემაა, არამედ რესურსი, რომელსაც სწორი მიდგომა და გადამუშავება სჭირდება იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე მიიღოს.

გოგოხიას თქმით, კომპანიაში უკვე დადასტურებულად ხდება საწარმოო ნარჩენების გადამუშავება. მისი განმარტებით, გამოყენებული ქაღალდი და პოლიეთილენი განცალკევებით მუშავდება, რის შედეგადაც სხვადასხვა ჰიგიენური პროდუქტი, მათ შორის ხელსახოცი და მსგავსი პროდუქცია იწარმოება, რომელიც შემდგომ ქართულ ბაზარზეც ბრუნდება.

„ნარჩენი არის რესურსი, რომელსაც სჭირდება სწორი მიმართულება და სჭირდება სწორი გადამუშავება იმისთვის, რომ მან ახალი სიცოცხლე მოიპოვოს. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ნარჩენისგან მზადდება პროდუქცია, რომელიც საქართველოში ისევ შემოდის. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ეს ჯერ ძალიან მცირე მასშტაბია, რადგან საქმე მხოლოდ საწარმოო ნარჩენს ეხება“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის ნარჩენებია, რომლებიც ყოველდღიურად მომხმარებლებისა და კლიენტების მეშვეობით ბაზარზე ხვდება და შესაბამისი მართვის სისტემის გარეშე რჩება. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობდა გოგოხია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ამოქმედების აუცილებლობაზე.

„ეს არის საკითხი, რაზედაც დიდი ხანია ვსაუბრობთ - შესაფუთი მასალებისთვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება აუცილებლად უნდა ამოქმედდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, - აღნიშნა მან.

გოგოხიას თქმით, ამ მიმართულებით სექტორში სრული ერთსულოვნება არსებობს, რადგან კომპანიები აცნობიერებენ, რომ ნარჩენების მართვის გარეშე ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება შეუძლებელი იქნება. მისი განცხადებით, ბიზნესს სახელმწიფოსთან უფრო აქტიური კომუნიკაციის მოლოდინი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი ჯერ აქტიურ ფაზაში არ გადასულა.

მან ასევე აღნიშნა, რომ Georgian Packaging სექტორული კლასტერის ერთ-ერთი დამფუძნებელია და კომპანია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე აქტიურად მონაწილეობს შესაბამის დისკუსიებში : „ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენი ნაგავსაყრელზე არ მოხვდეს. ის, რაც დღეს ნაგავსაყრელებზე ხდება, სრულიად წარმოუდგენელია. გარდა გარემოსდაცვითი პრინციპებისა, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ნარჩენი უნდა გადამუშავდეს და ახალი პროდუქტის შექმნას მოხმარდეს“, - განაცხადა გოგოხიამ.

ინტერვიუში საუბარი შეეხო კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებსა და გაფართოების გეგმებსაც. მისი თქმით, Georgian Packaging აქტიურად ანაცვლებს ძველ დანადგარებს ახალი ტექნოლოგიებით, რათა მოთხოვნას უფრო ეფექტიანად უპასუხოს და რეგიონულ ბაზრებზე მოქნილი ოპერირება შეძლოს.

კომპანია ამჟამად არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, არამედ პროდუქციას აზერბაიჯანსა და სომხეთშიც აწვდის. გოგოხიას თქმით, რეგიონში საერთაშორისო ბრენდების გაფართოებასთან ერთად Georgian Packaging-ზე მოთხოვნაც იზრდება. მისი განცხადებით, ივნისის დასაწყისში აზერბაიჯანში Subway იხსნება, რომლის შესაფუთ მასალებსაც სწორედ ქართული კომპანია აწარმოებს.

„ახალი ბრენდები, რომლებიც რეგიონში იხსნება, ავტომატურად გვიკავშირდებიან. მაღალი სანდოობა და ნდობა გვაქვს მოპოვებული, რადგან სწორ და მდგრად შესაფუთ მასალას ვაწარმოებთ“, - აღნიშნა მან.

გოგოხიას თქმით, კომპანიას კონკურენტული უპირატესობა აქვს როგორც ხარისხის, ისე ლოგისტიკის მიმართულებით. მისი განმარტებით, საქართველოში წარმოებული პროდუქცია აზერბაიჯანსა და სომხეთში 12-15%-იანი იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება, რაც კომპანიას ევროპულ და თურქულ მწარმოებლებთან კონკურენციისას მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მიწოდების ვადა დაახლოებით ორ დღეს შეადგენს, რაც პარტნიორებისთვის ლოგისტიკურად ძალიან ხელსაყრელია“, - თქვა მან.

კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ვერონიკა გოგოხიამ აღნიშნა, რომ მთავარი მიმართულება ტექნოლოგიური სიმძლავრეების ზრდა და მდგრადი პრაქტიკების კიდევ უფრო გაძლიერებაა. მისივე თქმით, Georgian Packaging-ის ერთ-ერთი დიდი მიზანი ქართული ბაზრისთვის შესაფუთი მასალების „ევოლუციის“ შექმნაა, განსაკუთრებით ქართული კულინარიის მიმართულებით.

„ჩვენი სურვილია, რომ ქართული სამზარეულო, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, მომხმარებლამდე უსაფრთხო, თანამედროვე და სწორ შეფუთვაში მივიდეს“, - განაცხადა ვერონიკა გოგოხიამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“დასაქმების ბაზარმა ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები ნელ-ნელა გაიწოვა” - მედეა ტაბატაძე

“დასაქმების ბაზარმა ნაკლებანაზღაურებადი პოზიციები ნელ-ნელა გაიწოვა” - მედეა ტაბატაძე

BM.GE

SoftBank-ის აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა, Nikkei 225-მა კი რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

SoftBank-ის აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა, Nikkei 225-მა კი რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

BM.GE

ფრანგული ავიამზიდი ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება - რატომ?

ფრანგული ავიამზიდი ჰორმუზის სრუტისკენ მიემართება - რატომ?

BM.GE

საუდის არაბეთმა და ქუვეითმა აშშ-ის ძალებისთვის საჰაერო სივრცე და ბაზები გახსნეს

საუდის არაბეთმა და ქუვეითმა აშშ-ის ძალებისთვის საჰაერო სივრცე და ბაზები გახსნეს

BM.GE