
ნეტო დარიცხვის სისტემა მცირე მზის ელექტროსადგურების განვითარებას აფერხებს - ბიზნესის შეფასება
კერძო სექტორი ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას მცირე მოცულობის მზის ელექტროსადგურების განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევს.
კომპანია „Green Energy-ის“ დამფუძნებლის, დავით შვანგირაძის შეფასებით, ნეტო აღრიცხვასთან შედარებით, ნეტო დარიცხვით დაინტერესება საგრძნობლად დაბალია.
დავით შვანგირაძის თქმით, რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე კომპანიას ნეტო დარიცხვის არცერთი პროექტი არ განუხორციელებია.
„რომ გითხრათ, რომ ნეტო აღრიცხვასავით ბუმია, მოგატყუებთ, არ არის. რეგულაციის ამოქმედებიდან დღემდე, არც ერთი ნეტო დარიცხვის პროექტი არ განგვიხორციელებია. მოთხოვნა არის, გვირეკავენ, გვეკითხებიან, გვესაუბრებიან, მაგრამ რეალურ სურათს რომ ვუდებთ, კმაყოფილები არ რჩებიან. ვამოწმებთ მოხმარებას, თუ ის გენერაციის სიმძლავრეს ჩამორჩება, უკვე ცხადია, რომ ქსელში გადასული ელექტროენერგიის ტარიფი ბიზნესმოდელს არ აკმაყოფილებს“, - აცხადებს შვანგირაძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.
იმას, რომ ნეტო დარიცხვა კერძო სექტორში სირთულეებს ქმნის, განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძეც ადასტურებს.
„ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის ქსელში შესვლა და შემდგომში მისი უკან დაბრუნებაა, ნეტო დარიცხვა კი უკვე არის ამ ყველაფრის მონეტიზაცია. ამიტომ, მცირე მზის ელექტროსადგურებს ორ მეგავატზე ნაკლებიანებას უკვე შესაძლოა ჰქონდეთ გამოწვევა. ორ მეგავატზე ზევით ნეტო დარიცხვა უკვე სარფიანია და ამას უფრო მსხვილი პროექტები იყენებენ“, - განმარტავს მელიქიძე.
ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა განსაზღვრულ შემთხვევებში 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო, ხოლო 2027 წლის 1 იანვრიდან ის სრულად ამოქმედდება ყველა ახალი მიერთებისთვის.
რაც შეეხება ტარიფებს, თბილისში ქსელში მიწოდებული 1 კვტ/სთ ჭარბი ელექტროენერგიის ფასი 10.034 თეთრს შეადგენს, ხოლო „ეპ ჯორჯია მიწოდების“ რეგიონულ ქსელში კომპანია მას 6.556 თეთრად ყიდულობს.
BM.GE
წყარო: bm.ge