![[ოცნება] ევროკავშირთან "ცივი ომის" მდგომარეობაშია|გიორგი ბადრიძის ანალიზი](https://bm.ge/uploads/files/2026/05/07/311905/giorgi-badridze_w_h.jpeg)
[ოცნება] ევროკავშირთან "ცივი ომის" მდგომარეობაშია|გიორგი ბადრიძის ანალიზი
დიპლომატ გიორგი ბადრიძის შეფასებით, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული კრიტიკული ანგარიში და და მასზე „ქართული ოცნების“ საპასუხო რიტორიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბებული არაფორმალური მმართველობა ძალაუფლების რუსულ ვერტიკალს უფრო ჰგავს, ვიდრე - ევროპულ დემოკრატიას.
საქმე ის არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროპარლამენტის ანგარიში "სრულიად აცდენილია რეალობას“. მაკა ბოჭორიშვილის უწყება მიიჩნევს, რომ მიუღებელია ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და ისეთი წინაპირობების დაყენება, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
გიორგი ბადრიძის თქმით, ის, რასაც ხელისუფლება შანტაჟს უწოდებს, სინამდვილეში ევროკავშირის ელემენტარული მოთხოვნებია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც გაწერილია - კანონის უზენაესობა, სამართლიანი არჩევნები და დამოუკიდებელი სასამართლო.
„მიიღეთ ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული არაფორმალური მმართველობა - სინამდვილეში ამას ითხოვს [ოცნება] და ევროკავშირისგან ამის მიუღებლობას კი, შანტაჟად მიიჩნევენ... ევროკავშირი არ გვთხოვს არაფერს ისეთს, რაც თავად საქართველოს კონსტიტუციაში (მათ შორის 78-ე მუხლში) არ წერია... ჩვენგან მოითხოვენ იმას, რომ აღვასრულოთ ჩვენივე კანონები,“ - განაცხადა გიორგი ბადრიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
დიპლომატი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ბევრი ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც ფორმალურად საკუთარ თავს „დემოკრატიულს“ უწოდებს, თუმცა საქართველოს შემთხვევა მაინც უნიკალურია:
„ასეთი შემთხვევა - ქვეყანა ამტკიცებდეს, რომ მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისადმი და ამ დროს აკეთებდეს ყველაფერს საპირისპიროს, რაც არის აუცილებელი წევრობისთვის, მგონი, უნიკალურია“, - განაცხადა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში დიპლომატმა რამდენჯერმა ხაზი გაუსვა განსხვავებას დასავლურ და რუსულ გავლენებს შორის. მისი თქმით, ევროკავშირი არსად არ „გვექაჩება“ და არ გააჩნია იდეოლოგიური ახირება, რომ საქართველო ძალით გახადოს მისი ნაწილი.