
Pandora-მ ვიეტნამში მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ქარხანა გახსნა
დანიურმა საიუველირო კომპანია Pandora-მ ხუთშაბათს, ვიეტნამის ქალაქ ჰოშიმინში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ქარხანა გახსნა. ეს ბრენდის უდიდესი საწარმოო ობიექტი და ტაილანდის ფარგლებს გარეთ პირველი საწარმოა, რაც მიზნად წარმოების დივერსიფიკაციასა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაძლიერებას ისახავს.
ვიეტნამის ქარხანა, რომელიც Pandora-სთვის რიგით მეოთხეა მსოფლიოში, კომპანიის საერთო საწარმოო სიმძლავრეს დაახლოებით 50%-ით გაზრდის, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ იქ 7 000 ადამიანი დასაქმდება.
კომპანიამ 2025 წელს 112 მილიონი სამკაული გაყიდა და აქამდე მთელ პროდუქციას ტაილანდში აწარმოებდა, სადაც სამ ქარხანას ფლობს.
საწარმო, რომელსაც Pandora-მ მსოფლიოში უდიდესი საიუველირო ობიექტი უწოდა, წელიწადში 60 მილიონამდე სამკაულის წარმოებას შეძლებს.
"საწყის ეტაპზე ვიეტნამზე ჩვენი გლობალური სიმძლავრის დაახლოებით 15% მოვა, თუმცა 2030 წლისთვის, როდესაც ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, ეს მაჩვენებელი ჩვენი მთლიანი წარმოების ერთ მესამედამდე გაიზრდება", - განუცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ბერტა დე პაბლოს-ბარბიემ სააგენტო Reuters-ს.
ქარხანა 7.5 ჰექტარ ფართობზე, ბიზნესისა და წარმოების ჰაბ ჰოშიმინში აშენდა, უშუალოდ მეორე დანიური გიგანტის, Lego-ს საწარმოს მოპირდაპირედ. ის მოთხოვნას Pandora-ს გლობალური ბიზნესის მასშტაბით მოემსახურება და არა მხოლოდ კონკრეტულ საექსპორტო ბაზრებს.
დე პაბლოს-ბარბიემ, რომელმაც ხელმძღვანელის პოსტი 1 იანვარს დაიკავა, აღნიშნა, რომ პოტენციურ ლოკაციებს შორის ვიეტნამი კვალიფიციური სამუშაო ძალის, საიუველირო საქმის მრავალწლიანი ტრადიციის, ძლიერი ინფრასტრუქტურისა და ხელშემწყობი ბიზნესგარემოს გამო შეარჩიეს.
საწარმოში ძირითადად 20-30 წლის ადგილობრივი მუშახელია დასაქმებული, რომლებიც დანადგარებს მართავენ და ფერად ქვებს ამოწმებენ, რის შემდეგაც პატარა ვარდისფერი რობოტები დეტალებს საწარმოო ხაზზე გადააადგილებენ.
ახალი ქარხანა ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებს კომპანიის გეგმებში, გააფართოოს პლატინით დაფარული სამკაულების წარმოება, რათა ტრადიციული ვერცხლის გარდა ასორტიმენტის დივერსიფიკაცია მოახდინოს და თავი დაიცვას ვერცხლის ბაზარზე არსებული მკვეთრი ფასთაცვალებადობისგან.
BM.GE
წყარო: bm.ge