
პარლამენტმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი დაჩქარებული წესით მიიღო - რა იცვლება შავ სიაში?
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში. ცვლილება სამი მოსმენით განიხილეს და მას მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა. მთავრობა განმარტავდა, რომ ცვლილების დაჩქარებული წესით მიღება აუცილებელი იყო, რადგან ის 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
ახალი კანონით სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ორი ახალი ინსტრუმენტი ინერგება - ჩარჩო შეთანხმება და ელექტრონული კატალოგი. განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული მექანიზმები შემსყიდველ ორგანიზაციებსა და ბიზნესს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, რეფორმის მიზანია შესყიდვების პროცესი უფრო მოქნილი, გამჭვირვალე და კონკურენტული გახდეს, ასევე სახელმწიფო რესურსების უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს.
ცვლილებები ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. პროექტი ქვეკონტრაქტორის ინსტიტუტს ცალკე არეგულირებს და განსაზღვრავს მისი შერჩევის, პასუხისმგებლობისა და კონტროლის წესებს. დოკუმენტის თანახმად, ეს ხელს უნდა უწყობდეს მცირე და საშუალო კომპანიების ჩართულობის ზრდას.
კანონი ამკაცრებს ე.წ. „შავი სიის“ მექანიზმსაც. ცვლილებების მიხედვით, თუ ეკონომიკური ოპერატორი ხელშეკრულების მიღების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას ჩაიდენს, მისი „შავ სიაში“ რეგისტრაციის ვადა ერთი წლის ნაცვლად ორ წლამდე გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა შეეზღუდებათ იმ კომპანიებსაც, რომელთა დამფუძნებლები ან ხელმძღვანელები დაკავშირებული არიან „შავ სიაში“ რეგისტრირებულ პირებთან.
კანონი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ მიდგომას გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში ნასამართლევი პირების მიმართ. კერძოდ, კორუფციის, თაღლითობის, ფულის გათეთრების, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას შეეძლება ასეთი პირების დისკვალიფიკაცია მაღალი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვებიდან.