
PepsiCo-ს „სოფლის ნობათი“ საქართველოში ელექტროძრავიან სატვირთოებზე გადადის
„სოფლის ნობათი“ - საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, თბილისის მასშტაბით პროდუქციის დისტრიბუციას ელექტროძრავიანი, სამაცივრო სატვირთო ავტომობილებით განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, კომპანიის ავტოპარკს უკვე შეემატა პირველი ელექტროსატვირთოები, რომლებიც ყოველდღიური დისტრიბუციის პროცესში რეგულარულად არის ჩართული. აღნიშნული ინიციატივა კომპანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს ნახშირბადის კვალის შემცირებასა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციას.
როგორც PepsiCo-ს ნაწილი, „სოფლის ნობათი“ მდგრად განვითარებას ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს, ხოლო ელექტრომობილებით დისტრიბუციის ავტოპარკის გაფართოება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ეტაპია. ბრენდირებული ელექტროსატვირთოები თბილისის ქუჩებში 2026 წლის მაისიდან გამოჩნდა. პროცესის განხორციელება უკვე დაიწყო და პირველი ელექტრომობილები კომპანიის ავტოპარკში რეგულარული ოპერირების რეჟიმში უკვე ჩაერთო.
„მდგრადი განვითარება ჩვენი ბიზნესის ფუნდამენტური ნაწილია,“ — აცხადებს PepsiCo კავკასიის კორპორაციული ურთიერთობების დეპარტამენტი ხელმძღვანელი ხათუნა ცქიტიშვილი. „ჩვენ არა მხოლოდ გრძელვადიან პარტნიორობას ვავითარებთ ადგილობრივ ფერმერებთან, რომლებიც „სოფლის ნობათს“ ნედლ რძეს აწვდიან, არამედ ვზრუნავთ იმაზეც, თუ როგორ მიეწოდება ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებს. ელექტროძრავიანი, ნულოვანი ემისიისა და დაბალი ხმაურის მქონე სამაცივრო სატვირთოები ხელს შეუწყობს თბილისის გარემოს სისუფთავის შენარჩუნებას და, ამავდროულად, უზრუნველყოფს ჩვენი რძის პროდუქტების საჭირო ტემპერატურულ რეჟიმში ტრანსპორტირებას.“
აღსანიშნავია, რომ მანამდე PepsiCo-მ „სოფლის ნობათის“ რძის საწარმოში, თბილისთან ახლოს, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის მიზანია საწარმოს ეკოლოგიური ეფექტიანობის გაზრდა და ნახშირბადის კვალის შემცირება. ამჟამად მზის პანელები საწარმოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 20%-ს უზრუნველყოფს, ხოლო კომპანიას მათი წილის კიდევ უფრო გაზრდა აქვს დაგეგმილი.
BM.GE
წყარო: bm.ge