
პირველი ევროპული ორმაგი დიპლომი ფსიქოლოგიაში – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და მილანის კათოლიკას უნივერსიტეტი ერთობლივ პროგრამებს იწყებენ
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და მილანის კათოლიკას უნივერსიტეტი (Università Cattolica del Sacro Cuore) ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს იწყებენ.
მომხმარებელთა ქცევისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის (Consumer Behaviour & Health Psychology) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, ხოლო საბაკალავრო საფეხურზე ფსიქოლოგიის მიმართულებით გაცვლითი პროგრამისა და ორმაგი ხარისხის მინიჭება; ასევე, გაცვლითი პროგრამები მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - ეს ის საკითხებია, რაზედაც მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
როგორც bm.ge-ოს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი მილანში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა, სადაც ქართული დელეგაცია იტალიური უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფებოდა.
სამუშაო შეხვედრები განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელ პირებთან გაიმართა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით გავაფართოვოთ სტუდენტების განვითარების შესაძლებლობები და მუდმივ პროცესში ვახორციელებდეთ განათლების ხარისხის ზრდის პროცესს.“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ „ფსიქოლოგიის მიმართულებით აღნიშნული ინიციატივა უნიკალურია ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისეთ ინტერდისციპლინურ სფეროში, როგორიც არის ფსიქოლოგია, ქართული და ევროპული დიპლომები მიიღონ.
„მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მოთხოვნადი დარგია, რომელიც კრიტიკულ როლს ასრულებს თანამედროვე ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში მომზადებული კადრები უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის დეფიციტური სექტორების შევსებას: ჯანდაცვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაში; ბიზნესსა და მარკეტინგში - მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებისთვის;
ციფრულ ტექნოლოგიებში - მომხმარებლის გამოცდილების ანალიზისა და ქცევითი მოდელირებისთვის და ა.შ.“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
ინფორმაციისთვის: Università Cattolica del Sacro Cuore იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრია, რომელიც ფსიქოლოგიის, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით უმაღლესი დონის აკადემიური სკოლებით გამოირჩევა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ Università Cattolica del Sacro Cuore-თან თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად აძლიერებს აკადემიურ მიმართულებას და თანმიმდევრულად ახორციელებს უნივერსიტეტის სტრატეგიას - განავითაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო და მისცეს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო მობილობისა და გლობალურ სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის ფართო შესაძლებლობები.
BM.GE
წყარო: bm.ge