
პლასტმასის აკრძალულ პროდუქციაზე ჯარიმა 2 000 ლარამდე იზრდება - კანონპროექტი
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქციის რეგულაციებს ამკაცრებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალ სანქციებს ამატებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არსებული სანქციები ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევების პრევენციას და ვერ ახდენს საკმარის შემაკავებელ ეფექტს, რის გამოც ცვლილებები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.
საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში კოდექსს ემატება ახალი, 82-ე მუხლი, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული პლასტმასის პროდუქციის წარმოებას, იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას.
კერძოდ, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქციის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის 1 000 ლარით დაჯარიმებასა და პროდუქციის კონფისკაციას.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 2 000 ლარამდე გაიზრდება და კვლავ პროდუქციის კონფისკაცია იქნება გათვალისწინებული.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მსგავსი პროდუქცია მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რის გამოც რეგულაციების აღსრულების მექანიზმების გამკაცრება აუცილებელი გახდა.
ცნობისთვის, პლასტმასის შემცირების რეგულაციის ერთი ეტაპი უკვე ამოქმედებულია. კერძოდ, 1 იანვრიდან აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების წარმოება (თუ საექსპორტოდ არაა განკუთვნილი), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. ამასთან, აიკრძალა საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. თუმცა, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, როდესაც მისი ამოქმედების შემდეგ აკრძალული პროდუქტების გამოყენება კვლავ დასაშვებია. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.