
პოლონური ენერგოკომპანია Orlen-ის საბაზრო შეფასებამ Gazprom-ისას გადაასწრო
პოლონურმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა, Orlen-მა საბაზრო კაპიტალიზაციის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და რუსულ სახელმწიფო კომპანია Gazprom-ს გადაასწრო. ბოლო სავაჭრო სესიაზე კომპანიის აქციების შეფასება მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც Orlen-ის საბაზრო ღირებულებამ თითქმის $45 მილიარდს მიაღწია. შედარებისთვის, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე Gazprom-ის კაპიტალიზაცია $37 მილიარდს შეადგენს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული მაჩვენებელი რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე Gazprom-ის საბაზრო ღირებულება $106 მილიარდს აღემატებოდა, Orlen-ის კაპიტალიზაცია კი $7.5 მილიარდზე ნაკლები იყო. რუსულმა კომპანიამ ევროპულ ბაზარზე გავლენა მას შემდეგ მნიშვნელოვნად დაკარგა, რაც რუსული აირის იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და თავად მოსკოვის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
საპასუხოდ ამისა, Orlen-ის საბაზრო ზრდა პოლონეთის ენერგოდამოუკიდებლობის სტრატეგიასთანაა დაკავშირებული. კომპანიამ გააფართოვა საქმიანობა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე, ფლობს ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს პოლონეთში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში, ხოლო ავტოგასამართი სადგურების ქსელს - შვიდ ქვეყანაში.
ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი ბაზარზე არსებული ვითარება არ შეიცვლება და Gazprom-ი ასეთი ტრაექტორიით გააგრძელებს განვითარებას, 2035 წლისთვის ზარალის საერთო მოცულობა $179 მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში კომპანიას გაკოტრების გამოცხადება და საქმიანობის შეწყვეტა მოუწევს.
როგორც ცნობილია, Gazprom-ის ხელმძღვანელობა ამჟამად რესტრუქტურიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც სამუშაო ძალის შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაციას და წაგებიანი მიმართულებების დახურვას მოიაზრებს. ამჟამად კომპანია 500,000 თანამშრომელს ასაქმებს და ის რუსეთისთვის სისტემური მნიშვნელობისაა, თუმცა თუ მას გადარჩენა სურს, მაშინ ათიათასობით თანამშრომელს Gazprom-ის დატოვება მოუწევს.
ამასთან, კომპანიას შეწყვეტილი აქვს ინვესტორებზე დივიდენდების განაწილება, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ კომპანია მოგებაზე ფიზიკურად ვერ გადის.