
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა|RSF
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს შეფასება 2026 წელს, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა.
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ანგარიშში ქართული პრესის თავისუფლება 100-დან 40.77 ქულითაა შეფასებული, რაც საქართველოს, 180 ქვეყანას შორის, 135-ე ადგილზე აყენებს.
2025 წელს ქართული პრესის თავისუფლება 50.53 ქულით იყო შეფასებული და რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, ქვეყანა ინდექსის ანგარიშში 21 ადგილით ჩამოქვეითდა.
რეიტინგში საქართველოს მსგავსი, თუმცა უფრო მაღალი შეფასებები აქვთ შრი-ლანკას, კამერუნს, ჰონდურასს, უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.
"ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. გარემო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის კვლავ მტრულია; იზრდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების რაოდენობა. "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო აძლიერებს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, აქცევს მათ ცენზურის საფრთხის ქვეშ და მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვის თავისუფლების სივრცეს", - ნათქვამია RSF-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ინდექსი პრესის თავისუფლებას 5 სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. მათგან საქართველო ყველაზე მაღალ, 124-ე პოზიციაზე "სოციალური ინდიკატორის" კატეგორიაშია, სადაც 49.6 ქულა მიიღო. ყველაზე ცუდი შედეგი - 28.02 ქულა და 144-ე ადგილი - ქვეყანამ "პოლიტიკური ინდიკატორით" დაიმსახურა.
ამასთან, 2025 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ყველა კატეგორიაში გაუარესებულია:
აღსანიშნავია, რომ ინდექსში საქართველო 2024 წელს 103-ე ადგილს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, პრესის თავისუფლების შეფასება ქვეყანაში კლებით ტენდენციას მესამე წელია აგრძელებს.