
პრიორიტეტი სანედლეულო ბაზის განვითარება უნდა იყოს - კახა კონიაშვილი აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაზე
აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამაში ცვლილებები სწორ მიმართულებას ასახავს, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი სანედლეულო ბაზის გაძლიერებასა და პროცესების მკაცრ მონიტორინგზე უნდა გაკეთდეს - ამის შესახებ BMG-სთან „რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კონიაშვილი აცხადებს.
მისი შეფასებით, მისასალმებელია, რომ ახალი პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი სიახლე მონიტორინგის სისტემის დანერგვაა, რადგან, როგორც კონიაშვილი აცხადებს, წინა წლებში განხორციელებული პროექტების ნაწილმა შედეგი სწორედ იმიტომ ვერ გამოიღო, რომ პროცესის სრულყოფილი კონტროლი და წინასწარი ანალიზი არ ტარდებოდა.
„მონიტორინგის სისტემა და თვალყურის დევნება პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია. წინა წლებში საკმაოდ დიდი ხარჯები იქნა გაწეული სხვადასხვა პროექტებზე, მაგრამ რიგ შემთხვევებში ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან მონიტორინგის სისტემა არ არსებობდა. შეიძლება დაფინანსებულიყო საწარმო, რომელიც შემდგომ არაეფექტიანი ხარჯვის ან არასწორად განსაზღვრული წინაპირობების გამო კოტრდებოდა“, - აცხადებს კონიაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ახალი ქარხნების მშენებლობა აზრს კარგავს, თუ მათ ადგილობრივი ნედლეულით მომარაგების რესურსი არ ექნებათ.
„ჩვენი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ფერმების განვითარება უნდა იყოს. პრიორიტეტი უნდა იყოს სანედლეულო ბაზის განვითარება და არა მხოლოდ მერძეული ფერმის, არამედ საკვებწარმოებისაც. ჩვენ დღეს საკვები პროდუქციის იმპორტიც გვიწევს. საწარმოო ბაზა აღმოსავლეთ საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ფერმერული მეურნეობები ყველგან გასავითარებელია“, - აღნიშნავს კონიაშვილი.
მისივე თქმით, არსებობს პრეცედენტები, როდესაც საწარმო აშენდა, თუმცა ნედლეულის არარსებობის გამო ვერ ამუშავდა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი მონიტორინგი დაეხმარება სამინისტროს, დააფინანსოს მხოლოდ ის ბიზნესები, რომლებსაც განვითარების რეალური პერსპექტივა აქვთ.