!["[პროდუქტის ღირებულება] არანორმალურად მაღალია" - პავლე მგელაძემ ფასების შესადარებელი პლატფორმა შექმნა](https://bm.ge/uploads/files/2026/05/21/313218/gamigege_w_h.jpeg)
"[პროდუქტის ღირებულება] არანორმალურად მაღალია" - პავლე მგელაძემ ფასების შესადარებელი პლატფორმა შექმნა
re:invent-ის დამფუძნებელმა, პავლე მგელაძემ ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა gamige.ge შექმნა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთსა და იმავე პროდუქტზე ფასები სხვადასხვა სუპერმარკეტში შეადარონ და ამ გზით თანხა დაზოგონ. ინფორმაციას ბიზნესმენი თავად ავრცელებს.
როგორც პავლე მგელაძე განმარტავს, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისმა გუნდმა საქველმოქმედო პროექტი "სიკეთე.ჯი" (sikete.ge) აამუშავა და ბაზარზე არსებულ საფასო სხვაობას წააწყდა.
მგელაძის შეფასებით, საქართველოში პროდუქტებზე, მათ შორის რესტორნებში, ფასები შემოსავლებთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია.
"რაც "სიკეთე.ჯი" გავაკეთეთ, მივხვდით, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ერთსა და იმავე პროდუქციაზე, სხვადასხვა მაღაზიაში. ისედაც არანორმალურად მაღალი ფასებია ჩვენთან, საშუალო ხელფასთან შედარებით. არ ვიცი, არც ევროპაში და არც ამერიკაში ასეთი, შემოსავალთან შეუსაბამო ფასები, არსად არ არის. ახლა ეს გინდა დააბრალეთ - შემოსულ ტურისტებს თუ გადმოსულ სლავებს საქართველოში, თუმცა ფასები არის ძალიან მაღალი ყველაფერზე, მათ შორის რესტორნებშიც არაადეკვატურად მაღალია", - აცხადებს პავლე მგელაძე.
მისივე თქმით, ვინაიდან re:invent-ს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ უშუალოდ ბაზარზე არსებულ ფასებზე მოახდინოს გავლენა, გადაწყვიტეს, პრობლემის ნაწილობრივ გადასაჭრელად ტექნოლოგიური პლატფორმა გამოეყენებინათ.
"რეინვენთი არ არის იმხელა კომპანია, რომ ფასებზე გავლენა გვქონდეს. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც გვესმის - ტექნოლოგიები. გავაკეთეთ gamige.ge, სადაც შეგიძლიათ, ერთი და იგივე პროდუქტი შეადაროთ, სად იყიდება ყველაზე იაფად და ამით დაზოგოთ ფული. კიდევ გვაქვს გეგმები და იქნებ რაღაცები მნიშვნელოვნად გავაიაფოთ", - აღნიშნავს დამფუძნებელი.
პავლე მგელაძე ასევე განმარტავს იმ საფასო სტრატეგიას, რომელსაც ქსელური მარკეტები მომხმარებლების მისაზიდად იყენებენ და რისი გამოყენებაც ახალი პლატფორმის საშუალებით არის შესაძლებელი:
"ყველა სასურსათო კომპანია რაღაც პოზიციებს წაგებაზე ყიდის, რომ ხალხი თავისთან მიიზიდოს - მაგალითად, ზოგი შოკოლადს ყიდის ყველაზე იაფად, ზოგი მაკარონს, ზოგი ბანანს და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ gamige.ge, იმიტომ რომ "სიკეთეზე" დაგვჭირდა გვენახა, სად რა არის ყველაზე იაფად, რომ რაც შეიძლება მეტი გვეყიდა და მეტი გაგვეგზავნა ხალხისთვის. ამისთვის თქვენ შეგიძლიათ ეს უპირატესობა დაიჭიროთ, სადაც რა არის ყველაზე იაფად, ის იყიდოთ და არ გადაიხადოთ ის ფასიც კი, რაც კომპანიას უღირს, რომ თვითონ იყიდოს", - აცხადებს პავლე მგელაძე.
ცნობისთვის, პლატფორმა sikete.ge ასევე პავლე მგელაძის მიერ ინიციირებული პლატფორმაა, რომელზეც ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად ერთიანდებიან - ისინი, ვისაც სჭირდებათ საკვები, და ისინი, ვისაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, ეს საკვები მსურველებს მიაწოდონ.
BM.GE
წყარო: bm.ge