
პროფესიული განათლება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ინტეგრირდა - რა შესაძლებლობებს აძლევს აბიტურიენტებს ახალი მოდელი?
2026 წლიდან, პროფესიული განათლების მეხუთე დონის პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაში პირველად ინტეგრირდა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ოშხნელმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა.
მისი თქმით, წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, გამოცდების ეროვნულ ცენტრში რეგისტრაციასთან ერთად, პარალელურად აირჩიონ როგორც საბაკალავრო, ისე პროფესიული პროგრამები. „წელს ბევრად მეტ ახალგაზრდას გაეხსნა შესაძლებლობა, პარალელურად დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მეოთხე ან მეხუთე დონის პროგრამებზე”, - აღნიშნა ოშხნელმა.
მისივე განმარტებით, ორივე დონე სახელმწიფო დიპლომით სრულდება და სამხედრო ვალდებულების გადავადებასაც ითვალისწინებს, თუმცა განსხვავება სწავლის ხანგრძლივობასა და კომპეტენციებშია. „მეოთხე დონე ერთწლიანია და უფრო კომპაქტური, მეხუთე კი ორწლიანი პროგრამაა და შესაბამისად, კურსდამთავრებულს უფრო ფართო უნარებს აძლევს“, - განაცხადა მან.
ოშხნელის თქმით, აბიტურიენტებს შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სცადონ ძალები : „თუ აბიტურიენტი ვერ მოხვდება საბაკალავრო პროგრამაზე, მას ექნება შესაძლებლობა კოლეჯში ისწავლოს და წელი არ დაკარგოს. მეტიც, შესაძლებელია ორივე მიმართულებით ჩაბარება და პარალელურად სწავლაც“.
მისივე ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია 10-ლარიანი საფასურის გადახდა, რომლის ბოლო ვადა 6 მაისის 18:00 საათია. ის დასძენს, რომ თუ მსურველი ვადამდე ვერ გადაიხდის საფასურს, ის რეგისტრაციის შესაძლებლობას დაკარგავს. მან ასევე ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას შრომის ბაზრისთვის: „პროფესიული განათლება გაძლევს კონკრეტულ უნარს, რომელიც პირდაპირ გაძლევს შემოსავალს და დამოუკიდებლობის საფუძველს ქმნის. დღეს ბაზარს სჭირდება კვალიფიციური პრაქტიკოსები - ოპერატორები, მემონტაჟეები, გრაფიკოსები, ფოტოგრაფები“.
ოშხნელი ახალგაზრდებს მოუწოდებს, დროულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და არ დაელოდონ ბოლო წუთს.
BM.GE
წყარო: bm.ge