
პუტინი იაპონიასთან სადავო კუნძულზე ჩავიდა - ტოკიო აპროტესტებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კურილის შემადგენელ კუნძულ ეტოროფუს ეწვია, რომელსაც იაპონია საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია იტყობინება. ეს პუტინის პირველი ვიზიტია სადავოდ მიჩნეულ კუნძულებზე.
იტურუპი ჰოკაიდოს კუნძულთან ახლოს მდებარეობს და იაპონიის მიერ „ჩრდილოეთ ტერიტორიებად“ წოდებული კუნძულების ნაწილია. პუტინის ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც მან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს გაუწია მეთვალყურეობა. ეტოროფუზე მან თევზის გადამამუშავებელი ქარხანა „იასნი“ მოინახულა.
პუტინის ვიზიტს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოშიმიცუ მოტეგი გამოეხმაურა და პროტესტი გამოხატა.
„ჩრდილოეთი ტერიტორიები, მათ შორის ეტოროფუ, იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. იაპონია ამ ვიზიტის მიმართ მკაცრ პროტესტს გამოხატავს“, - განაცხადა მოტეგიმ.
რუსულ ტელეარხ Vesti-ზე გავრცელებულ კადრებში პუტინი მუქი ფერის კოსტიუმშია და თევზის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს ესაუბრება. პუტინმა ადგილობრივი თევზის ქვირითიც დააგემოვნა.
ეტოროფუს მცხოვრებლებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა კუნძულზე კარგი ამინდი შეაქო და განაცხადა: „რა კარგი ამინდია თქვენთან, კურორტივით!“
ცნობისთვის, რუსეთსა და იაპონიას მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებიათ. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კურილის კუნძულების ნაწილზე ტერიტორიული დავაა. იაპონია სადავო კუნძულებს „ჩრდილოეთ ტერიტორიებს“ უწოდებს, რუსეთი კი მათ საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
BM.GE
წყარო: bm.ge