
"ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ძირითადად საკმაოდ დაბალია" - რა გამოწვევები აქვთ მცირე მეღვინეებს?
მცირე მეღვინეების ნაწილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მეღვინეობის დარგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული საექსპორტო პროდუქციის შედარებით დაბალი ფასია.
როგორც BMG-სთან საოჯახო ღვინის მწარმოებელი კომპანიის "დების ღვინო" დამფუძნებელი აცხადებს, ამ ეტაპზე მათ სატესტო რეჟიმში ექსპორტზე პროდუქცია ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიტანეს.
თამთა აივაზიშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ქართული ღვინის საექსპორტო ფასი შედარებით დაბალია, რაც მცირე მეღვინეობისთვის მაღალი თვითღირებულებიდან გამომდინარე, გამოწვევაა.
“ჩვენ ვართ მცირე მეღვინეობა კახეთიდან, სოფელი კარდენახიდან. ჩვენი ვენახები არის წარაფის მიკროზონაში. ხუთი პოზიციის ღვინო გვაქვს, პრემიუმ ხარისხის ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქცია ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავიდეთ ექსპორტზე. ექსპორტი შედარებით რთულია მცირე მარნებისთვის და ამ გამოწვევებს ვებრძვით, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით გადავლახავთ.
მცირე მარნებისთვის შედარებით რთულია მოიძიო პირდაპირი კონტაქტები, ვინც შეიძლება ექსპორტზე გაიტანოს ჩვენი ღვინო და რაც მთავარია, კარგი ფასით. იმიტომ რომ ძირითადად საექსპორტო ფასები საკმაოდ დაბალია ხოლმე და ამას ძალიან ვებრძვით მცირე მეღვინეობები, იმიტომ რომ ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხზე, შესაბამისად, კარგი და მაღალი ხარისხის ღვინო ძალიან იაფი ვერ იქნება.
სახელმწიფოს მხრიდან ფესტივალები რაც ეწყობა, მათ შორის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ეს ყველაფერი ჩვენ, მცირე მეწარმეებს ძალიან გვეხმარება. ღვინის ფესტივალზე მქონდა შემთხვევები, როდესაც ექსპორტთან დაკავშირებით ექსპორტ მენეჯერები გავიცანი და სატესტო რეჟიმებში რამდენიმე ქვეყანაში უკვე გაგვაქვს ღვინო. სატესტო რეჟიმებში ჩვენი ღვინო გავიდა ექსპორტზე შვედეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, იტალიაშიც. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ამ კუთხით, თუ შეიძლება კიდევ რამენაირად რომ გაძლიერდეს [სახელმწიფოს მხარდაჭერა], მხოლოდ მივესალმებით.
კარგი ფასი მთავარი გამოწვევაა, გვიწევს კონკურენცია გავუწიოთ ისეთ ღვინოებს, როგორიც არის იტალიური, ფრანგული, ესპანური, შესაბამისად, გვიწევს [დავადოთ] დაბალი საექსპორტო ფასები იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების ღვინოებს კონკურენცია გავუწიოთ. შეიძლება [საექსპორტო ფასი] იყოს 5 ევრო და ნაკლები. ეს საკმაოდ დაბალია, იმიტომ, რომ ბოთლის თვითღირებულება საკმაოდ ძვირი გვიჯდება, შესაბამისად, ცოტა დაბალია ეს ფასი ჩვენთვის”, - განაცხადა თამთა აივაზიშვილმა.
ცნობისთვის, "დების ღვინომ" წარმოება 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფსა (რქაწითელს) და საფერავს აწარმოებს. მეღვინეობა საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს. 2025 წელს „დების ღვინომ“ დაახლოებით 3500 ბოთლი აწარმოვა და წარმადობის მცირე ზრდას წელსაც არ გამორიცხავს.
BM.GE
წყარო: bm.ge