
ქართული MICE ტურიზმი ბარსელონაში - IBTM World Barcelona 2026-ში საქართველოდან 10 კომპანია მონაწილეობდა
ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა - IBTM World Barcelona 2026 გაიმართა, რომელშიც საქართველოდან 10 ტურისტულმა კომპანია მონაწილეობდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ სტენდთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც იყო წარმოდგენილი.
უწყების ცნობით, ვიზიტორები სამი დღის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები.
საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია ესწრებოდა.
IBTM World Barcelona მსოფლიოში საქმიანი (MICE) ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება, 12 000-ზე მეტი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.
"საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში ესპანეთიდან საქართველოში ჯამურად 21 259 ვიზიტორი შემოვიდა, რაც არა მხოლოდ თითქმის ორჯერ (+90%-ით) აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს, არამედ პანდემიამდე პერიოდის მთლიანი წლის ჯამსაც (13 710 ვიზიტი) 55%-ით სცდება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პიკურ III კვარტალში, პირველად ისტორიაში, ესპანეთიდან ვიზიტებმა 10-ათასიანი ზღვარი გადალახა და 10 207 შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge