
ქართველი ბიზნესმენი მანჰეტენზე $6.3 მლნ-იან შენობას ბიტკოინებში ყიდის - რას წერს The Hollywood Talk დავით ჩხეიძეზე
გამოცემა The Hollywood Talk ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, დავით ჩხეიძისა და მისი უძრავი ქონების კომპანიის შესახებ წერს. სტატიის ავტორის, ჟურნალისტ მარკოს პაპადატოსის შეფასებით, ბაზარზე, რომელსაც ტრადიციები განსაზღვრავს, Yangzi Realty-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დავით ჩხეიძე თამამ განაცხადს აკეთებს: უძრავი ქონების ტრანზაქციების მომავალი, შესაძლოა, სრულად ციფრული იყოს.
ჩხეიძემ ახლახან მანჰეტენის პრესტიჟულ უბანში (Upper East Side, ე.წ. Gold Coast), ლექსინგტონ-ავენიუს 965 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი, შერეული ტიპის შენობის გაყიდვაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.
გამოცემა წერს, რომ ის, რაც ამ შეთავაზებას გამოარჩევს, არა მხოლოდ მისი საუკეთესო ადგილმდებარეობა ან განვითარების პერსპექტივა, არამედ ფასწარმოქმნის სტრუქტურაა. შენობის გასაყიდი ფასი 83 ბიტკოინია (დაახლოებით 6.3 მილიონი აშშ დოლარი), რაც მას მანჰეტენის უძრავი ქონების იმ იშვიათ აქტივებს შორის აქცევს, რომლებიც გარიგებისას კრიპტოვალუტას გადახდის საშუალებად ღიად იღებენ.
ლენოქს ჰილის გულში მდებარე შენობის ფართობი დაახლოებით 519 კვ.მ.-ს შეადგენს და მოიცავს:
• ორ კომერციულ ფართს;• სამ სრულსართულიან საცხოვრებელ ბინას (თავისუფალი ბაზრის პირობებით).
გარდა ამისა, შენობას აქვს დამატებით 743 კვ.მ. აუთვისებელი სივრცის/დაშენების უფლება, რაც დეველოპერებისა და ინვესტორებისთვის დამატებითი ღირებულების შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.
"Upper East Side, განსაკუთრებით კი ლენოქს ჰილის ე.წ. ოქროს სანაპირო (Gold Coast), საინვესტიციო გაყიდვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ზონად რჩება. აქ გრძელვადიანი ღირებულების ზრდა ყოველთვის გამორჩეული იყო და ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ფონზეც კი, მსგავსი აქტივები მდგრადობასა და ზრდის პოტენციალს ინარჩუნებს", - აცხადებს ჩხეიძე.