ქართველი ეკონომისტი მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის Economist Program-ში იწყებს
BM.GE|bm.ge
პროფესიით ეკონომისტი, ქართველი ნინო კოდუა სექტემბრიდან საქმიანობას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში (IMF) Economist Program-ის ფარგლებში დაიწყებს. როგორც თავად BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, IMF-ში მუშაობა მისთვის დიდი ხნის პროფესიული მიზანი იყო, თუმცა ამ მიზნამდე მისვლა ეტაპობრივად, მრავალწლიანი შრომითა და გამოცდილებით გახდა შესაძლებელი.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდში მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გრძელვადიანი პროფესიული მიზანი იყო, თუმცა ეს გზა ეტაპობრივად და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა", - ამბობს ნინო კოდუა.
მისი ისტორია საქართველოდან იწყება, თუმცა სკოლის დასრულების შემდეგ ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და სამხრეთ კაროლინაში მდებარე Furman University-ში ჩაირიცხა - უნივერსიტეტში, სადაც მალევე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტუდენტად იქცა.
როგორც ის ამბობს, ამერიკაში ერთდროულად ორ მიმართულებაზე სწავლობდა - მათემატიკა-ეკონომიკასა და ბუღალტერიაზე. ორივე სპეციალობა თითქმის კარგი აკადემიური შედეგებით დაასრულა. ამ პერიოდში მიიღო არაერთი სტიპენდია, აკადემიური ჯილდო და უნივერსიტეტის პრემია.
სწორედ ბაკალავრიატის პერიოდში ჩამოუყალიბდა მას განსაკუთრებული ინტერესი მაკროეკონომიკისა და საერთაშორისო ფინანსების მიმართ - მიმართულებების, რომლებიც მომავალში მისი პროფესიული საქმიანობის მთავარი სფერო გახდა.
"Furman-ის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში განსაკუთრებით გამიმყარდა ინტერესი მაკროეკონომიკისა და საერთაშორისო ფინანსების მიმართ, რის შემდეგაც სწავლა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე Johns Hopkins University-ში გავაგრძელე", - ამბობს ის.
ამის შემდეგ მისი გზა უკვე ეკონომიკის უფრო დიდ და კონკურენტულ სამყაროში გაგრძელდა. Johns Hopkins University-ში ჯერ ეკონომიკის მაგისტრატურა, შემდეგ კი დოქტორანტურა გაიარა. სწორედ ამ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ფაზაში შედიოდა - პანდემიის შემდგომი კრიზისი, ინფლაციის მკვეთრი ზრდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და გეოპოლიტიკური რყევები საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგის მთავარ თემებად იქცა.
ნინო კოდუას კვლევითი ინტერესებიც სწორედ ამ პროცესებს უკავშირდებოდა - ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკა, გაცვლითი კურსები, ეკონომიკური შოკები და ადამიანების ეკონომიკური მოლოდინები. თუმცა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დოქტორანტურის პირველ წელს დადგა, როდესაც უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის IMF-ში ვიზიტი მოაწყო.
"ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც IMF ახლოდან ვნახე არა მხოლოდ როგორც ორგანიზაცია, რომლის კვლევებსაც ვკითხულობდი, არამედ როგორც ადგილი, სადაც აკადემიური ეკონომიკა და რეალური ეკონომიკური პოლიტიკა ყოველდღიურად იკვეთება", - იხსენებს ნინო კოდუა.
როგორც ის ამბობს, სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ IMF მისთვის მხოლოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია აღარ იყო - ის უკვე სივრცედ იქცა, სადაც საკუთარ პროფესიულ მომავალსაც ხედავდა. ამის შემდეგ ფონდის საქმიანობას აქტიურად აკვირდებოდა, ესწრებოდა კონფერენციებსა და სემინარებს, მოგვიანებით კი თავადაც მიიღო შესაძლებლობა, IMF-ის Fund Internship Program-ში ჩართულიყო. ხოლო სტაჟირება ფონდის Middle East and Central Asia Department-ში გაიარა, სადაც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკურ პროცესებზე მუშაობდა.
"სტაჟირების პერიოდში ვმუშაობდი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაცვლითი კურსების დინამიკასა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც რეგიონში მაკროეკონომიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას, მათ შორის ფინანსურ პირობებსა და სასაქონლო ფასების შოკებზე", - ამბობს ნინო კოდუა.
IMF-ის შემდეგ მისი პროფესიული გამოცდილება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. გარკვეული პერიოდი მუშაობდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, შემდეგ - საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც მაკროეკონომიკურ და სტატისტიკურ მიმართულებებზე საქმიანობდა. მოგვიანებით შეუერთდა Galt & Taggart-საც, სადაც მაკროეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების მიმართულებით მუშაობდა.
პარალელურად, საერთაშორისო გამოცდილებაც გრძელდებოდა. კვლევითი სტაჟირება გერმანიის ცენტრალურ ბანკში - Deutsche Bundesbank-ში გაიარა, სადაც ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკურ ქცევებზე მუშაობდა.
"ვიკვლევდი, როგორ აღიქვამენ ადამიანები წარსულ ინფლაციას და როგორ მოქმედებს ეს მათ მომავალ ეკონომიკურ მოლოდინებზე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა ინსტიტუციურ გარემოში მუშაობის გამოცდილება და იმის ნახვა, თუ როგორ გამოიყენება ეკონომიკური კვლევა პრაქტიკაში", - აღნიშნავს ის.
გასული წლის ივლისში ნინო კოდუამ Johns Hopkins University-ში სადოქტორო დისერტაცია ემპირიულ მაკროეკონომიკაში - Essays in Empirical Macroeconomics დაიცვა. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, როგორც ეკონომისტებისთვის მიღებულია, აკადემიურ სფეროში დასაქმების კონკურენტულ პროცესზე გავიდა, რომელსაც თავად საკმაოდ ინტენსიურსა და კონკურენტულს უწოდებს.
საბოლოოდ, პროფესორის პოზიციის შეთავაზებას მასაჩუსეტსში დათანხმდა, College of the Holy Cross-ში, სადაც ეკონომიკას ასწავლიდა.
“განსაკუთრებით ვაფასებდი სტუდენტებთან მუშაობას, სწავლების პროცესს და იმ აკადემიურ გარემოს, რომლის ნაწილიც გავხდი. ამავე დროს, კვლევაზე მუშაობის პარალელურად, ვგრძნობდი, რომ მინდოდა ჩემი საქმიანობა საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკასთანაც მჭიდროდ ყოფილიყო დაკავშირებული“, - ამბობს ნინო კოდუა.
მისი თქმით, სწორედ ამ სურვილმა მიიყვანა IMF-ის Economist Program-მდე, რომელიც ახალგაზრდა ეკონომისტებისთვის ფონდის ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე კონკურენტულ მიმართულებად ითვლება.
„Economist Program საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა ახალგაზრდა ეკონომისტებისთვის, რომელიც ძირითადად ეკონომიკის PhD-ის მქონე კანდიდატებისთვის არის განკუთვნილი“, - განმარტავს ის.
მისი თქმით, შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც აკადემიური და კვლევითი გამოცდილების შეფასებას, ისე მრავალსაფეხურიან ინტერვიუებს : „ეს პროცესი ჩემთვის სასიხარულოდ და წარმატებით დასრულდა და ხელი მოვაწერე სამუშაო კონტრაქტს“, - ამბობს ნინო კოდუა.
სექტემბრიდან ის IMF-ში სხვადასხვა მაკროეკონომიკურ და პოლიტიკის მიმართულებით საკითხებზე იმუშავებს. თუმცა კონკრეტულად რომელ დეპარტამენტში დაიწყებს საქმიანობას, ამის შესახებ ზაფხულის განმავლობაში გახდება ცნობილი.
დღეს, ნინო კოდუას კარიერა უკავშირდება იმ სფეროებს, სადაც მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი პროცესები განიხილება - ინფლაცია, ფინანსური სტაბილურობა, გაცვლითი კურსები და გლობალური ეკონომიკური შოკები. მისი გზა კი სწრაფ წარმატებაზე მეტად თანმიმდევრულ პროფესიულ განვითარებას ჰგავს - საქართველოდან ამერიკულ უნივერსიტეტებამდე და შემდეგ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებამდე. ამ სურათს კიდევ ერთი დეტალი ავსებს: ნინო კოდუა ჭადრაკში ეროვნული კანდიდატი ოსტატია. შესაძლოა, სწორედ აქ ჩანს მისი პროფესიული მიდგომაც - სტრატეგიული აზროვნება, სიზუსტე, მოთმინება და უნარი, პროცესები რამდენიმე ნაბიჯით წინ დაინახოს.