
„ქართველი მომხმარებელი ნაკლებად ხარჯავს“ - „ესკი“ მსყიდველუნარიანობის შემცირებასა და ჩინელი ტურისტების ზრდაზე
საქართველოში მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის შემცირების ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება, რაც განსაკუთრებით აისახება არაპირველადი მნიშვნელოვანი პროდუქტების გაყიდვებზე. ამის შესახებ BM.GE-სთან სოციალური საწარმოების სივრცე „ესკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე კუსიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვები წინა წლების დონეზე შენარჩუნდა, თუმცა ადგილობრივი მომხმარებლის ხარჯვა შემცირებულია : „მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა მეტ-ნაკლებად შემცირებულია. ეს ტენდენცია ჩვენს შემთხვევაში უცვლელია ქართველი მომხმარებელი ნაკლებად ხარჯავს არაპირველადი საჭიროების პროდუქტებზე თანხას“, - აღნიშნა კუსიანმა.
მისივე განმარტებით, „ესკის“ გაყიდვები დიდწილად საერთაშორისო ვიზიტორებზეა დამოკიდებული და სეზონურობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
„მომხმარებლის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო ვიზიტორია, შესაბამისად, გაყიდვებიც ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად მატულობს“, - ამბობს ის.
კუსიანი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა ჩინეთიდან, რომლებიც მიზნობრივად სტუმრობენ სივრცეს.„როგორც ჩანს, ჩინურ პლატფორმებზე გავრცელდა ინფორმაცია „ესკის“ შესახებ და ამის შედეგად საკმაოდ ბევრი ტურისტი მოდის. ასევე აქტიურები არიან ამერიკელი და რუსი ვიზიტორები“, - აღნიშნავს იგი.
გაზრდილი ხარჯების ფონზე კომპანიამ ფასებიც დააკორექტირა : „პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა, მათ შორის სოციალური საწარმოების მხრიდანაც, ამიტომ ფასების კორექცია მოგვიწია. ზრდა საშუალოდ 10-15%-ის ფარგლებშია“, - ამბობს კუსიანი.
ამ ეტაპზე „ესკი“ დაახლოებით 30 სოციალურ საწარმოსთან თანამშრომლობს. კომპანიის მთავარი მიზანი, მიმდინარე წელს საქმიანობის შენარჩუნება და არსებული თანამშრომლების დასაქმების უზრუნველყოფაა.
„ესკი“ ბაზარზე 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა და პირველი სივრცეა, რომელმაც საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში გააერთიანა. სივრცე ამ დროისათვის, თავს 30 სოციალურ საწარმოს და მათ 1000-მდე დასახელების პროდუქტს უყრის.
BM.GE
წყარო: bm.ge