
ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ - რითეილ ასოციაცია
ქსელური მარკეტები მომხმარებელს სოციალურ პროდუქტზე ფასდაკლებებს სთავაზობენ - ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა BM.GE-ის განუცხადა.
მისი თქმით, დარგობრივი გაერთიანების წევრებმა სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა რაც დაიწყეს, თუმცა თითოეული ქსელური მარკეტის მიერ „სოციალური კალათის“ ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს.
„ჩვენი ასოციაციის წევრებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები თითქმის ორი კვირაა დაიწყეს. იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია ისევ-ისევ ძალიან მძაფრი უნდა იყოს და ჩვენ კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაც ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ მაღაზიები, ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა რა ტიპის შეთავაზებები აქვთ თავიანთ მომხმარებელთან. სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტიც, ქათმის ხორცი. ქსელები თითოეული დასახელებიდან ერთ პროდუქტზე მაინც, ვთქვათ ბრინჯი რამდენიმენაირი ხომ არის ქსელში? და ერთი ბრენდის ბრინჯზე მაინც იყოს ფასდაკლება, ერთ რომელიმე კონკრეტულ ზეთზე იყოს ფასდაკლება, იმისთვის რომ თავიანთ მომხმარებელს „სოციალური კალათით“ ფასდაკლებები მუდმივად შესთავაზონ. შეიძლება რამდენიმე ქსელს ეს ფასდაკლებები სხვადასხვა ნიშნებით ჰქონდეთ გამოყოფილი, თუმცა ძირითადად ფასდაკლებები ჩვეულებრივად დახლებზე არსებულ პროდუქტზეც არის“, - განმარტა სოფიო ქაშაკაშვილმა.
კითხვზე დაახლოებით რამდენ პროცენტიან ფასდაკლებებს სთავაზობენ ქსელები სხვადასხვა პროდუქტზე, რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. რაღაც ვობლერებით და სხვადასხვა ნიშნებით გამოყოფილი.
„მაგალითისთვის, „დეილიში“ რამდენიმე ბრენდი შედის - „კალათა“, „მაგნიტი“, „დეილი“, „სპარი“ და ამ მაღაზიებსაც კი სხვადასხვა შეთავაზებები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჰოლდინგში შედიან. ქსელები ფასდაკლებებს თავიანთი ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებენ. ზოგს შეიძლება შიდა იმპორტი ჰქონდეს და უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, ზოგიც შეიძლება თავად აწარმოებდეს რაღაც პროდუქტს და მასზე ჰქონდეს ფასდაკლება“, - აღნიშნა ქაშაკაშვილმა.
ცნობისთვის, ფასების საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგების 104-გვერდიანი დასკვნის გამოცემის შემდეგ „რითეილ ასოციაციამ“ განაცხადა, რომ წევრი კომპანიები დაიწყეს „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავად სავაჭრო ქსელების მიერ შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები.
BM.GE
წყარო: bm.ge