
რა გადაწყვეტილება მიიღო OPEC-მა?
არაბთა გაერთიანებული საამიროების ალიანსიდან გასვლის შემდეგ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ პირველი შეხვედრა გამართა. სხდომაზე OPEC+-ის წევრები ივნისში ნავთობის მოპოვების დღეში 188 000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ივნისის მაჩვენებელი მცირედით ჩამოუვარდება მაისის გეგმას, როდესაც OPEC-მა წარმოების დღეში 206 000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში შვიდი ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საუდის არაბეთი, რუსეთი, ერაყი, ქუვეითი, ყაზახეთი, ალჟირი და ომანი. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაზრის სტაბილურობის მხარდასაჭერად, მონაწილე მხარეებმა წარმოების მოცულობის კორექტირება 2023 წლის აპრილში გამოცხადებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების ფარგლებში გადაწყვიტეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოპოვების ახალი მოცულობა არ მოიცავს საამიროების წილს, რომელმაც ორგანიზაცია ოფიციალურად 1 მაისს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის დასაწყისიდან ნავთობის ფასი თითქმის 78%-ით არის გაზრდილი. ბაზარზე მიწოდების შეფერხება ირანში დაწყებულმა ომმა გამოიწვია, რის გამოც გლობალური ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად გადაიკეტა.
BM.GE
წყარო: bm.ge