
რა გამოწვევებით ხვდება ბაკურიანი ზამთრის სეზონს და რა მოგვარდა? | ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი
მთის კურორტებზე ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე აცხადებს, რომ კურორტზე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდება. მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის ზამთრის სეზონი უკეთეს პირობებში დაიწყოს. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
„ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩების მოწესრიგება და ასფალტის საფარის დაგება. ნოემბრის ბოლოსთვის საგზაო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდება, რაც კურორტს გასულ წელთან შედარებით ბევრად უკეთეს პირობებში შეხვედრის საშუალებას მისცემს. საგზაო სამუშაოების პარალელურად, მნიშვნელოვანი სიახლეა, საჰაერო კომუნიკაციების მიწის ქვეშ ჩატანა, რაც კურორტის (ბაკურიანის) იერსახეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს", - განაცხადა ეკა ორჯონიკიძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანში წყლისა და წყალარინების ქსელის სრული შეცვლის მასშტაბური პროექტი 2023 წლიდან მიმდინარეობს, რამაც გასულ წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გადათხრა და გადაადგილებისას გარკვეული დისკომფორტი გამოიწვია. ეკა ორჯონიკიძის თქმით, პროექტის ძირითადი ნაწილი (70-80%) უკვე დასრულებულია: „უკვე დაიგო გზა „მგზავრებიდან“ კოხტაგორამდე, ანუ ეს მონაკვეთი წინა წელს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ასევე ზაფხულშიც, მთლიანად მოწესრიგდა ეს გზა, მოეწყო საფეხმავლო და სანიაღვრე ინფრასტრუქტურა.“
მისივე ინფორმაციით, პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოგვარდა - პარკირება და საცობებია. "სეზონზე პიკურ პერიოდში (25 დეკემბრიდან 20 იანვრამდე) ბაკურიანში უმთავრეს პრობლემად კვლავ ავტომობილებით გადაადგილება რჩება. ტრანსპორტის გადატვირთულობის გამო შეფერხებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რის გამოც ვიზიტორები უპირატესობას კვლავ პირად ავტომობილებს ანიჭებენ", - აღნიშნავს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.
BM.GE
წყარო: bm.ge