
რა პირობებით გამოაცხადა საქართველოს რკინიგზამ 45 ლოკომოტივის შესყიდვის $350-მილიონიანი ტენდერი
„საქართველოს რკინიგზამ“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელექტროლოკომოტივის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 მილიონი აშშ დოლარია, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს, ერთ ლოკომოტივზე გაანგარიშებით კი 7.77 მილიონი დოლარია (20.4 მლნ ლარი).
შესყიდვა ხორციელდება „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში. პროექტს თანაბარი მოცულობით – 175-175 მილიონი დოლარით – მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებენ, ხოლო სატენდერო პროცესი მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესების შესაბამისად მიმდინარეობს.
მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზას“ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელექტროლოკომოტივი უნდა მიაწოდოს და მათი გრძელვადიანი ტექნიკური მომსახურებაც უზრუნველყოს.
ტენდერის პირობებით, პირველი ლოკომოტივი ხაშურის დეპოს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 27 თვის განმავლობაში უნდა მიეწოდოს, ხოლო დანარჩენი 44 ერთეულის მიწოდება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ისე, რომ მთლიანად კონტრაქტი მაქსიმუმ 55 თვეში შესრულდეს.
კონტრაქტი მხოლოდ ლოკომოტივების მიწოდებას არ მოიცავს. გამარჯვებულმა კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი პროექტირება, წარმოება, ტრანსპორტირება, გამოცდა, ექსპლუატაციაში გაშვება და მინიმუმ ორწლიანი საგარანტიო მომსახურება.
ამასთან, პირველი ლოკომოტივის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ მიმწოდებელმა სრული ტექნიკური მომსახურება უნდა გასწიოს როგორც საგარანტიო პერიოდში, ისე დამატებით 10 წლის განმავლობაში. მომსახურება მოიცავს სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების, ძირითადი კომპონენტებისა და ყველა აუცილებელი ტექნიკური სამუშაოს უზრუნველყოფას. აღნიშნული მომსახურება „საქართველოს რკინიგზის“ საკუთარი სახსრებით დაფინანსდება.
ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პირობა ხაშურში ახალი ტექნიკური მომსახურების ცენტრის აშენებაა. გამარჯვებულმა კომპანიამ საკუთარი ხარჯით უნდა დააპროექტოს, ააშენოს, აღჭურვოს და ექსპლუატაციაში გაუშვას თანამედროვე დეპო, რომელიც არანაკლებ 45 ლოკომოტივის ტექნიკურ მომსახურებას შეძლებს. ამისთვის „საქართველოს რკინიგზა“ კომპანიას ხაშურის მოქმედი დეპოს ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს ზედაპირის უფლებით (superficies) უსასყიდლოდ გადასცემს ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადით. ამ პერიოდში დეპოსა და მასში განთავსებული ინფრასტრუქტურის საკუთრების უფლება მიმწოდებელს ექნება.
სატენდერო დოკუმენტაციით მკაფიოდ არის განსაზღვრული მონაწილეთა გამოცდილების მოთხოვნებიც. პრეტენდენტს ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ჰქონდეს შესრულებული სულ მცირე ორი კონტრაქტი, რომლებიც თითოეულ შემთხვევაში მინიმუმ 10 მაგისტრალური ელექტროლოკომოტივის მიწოდებას მოიცავდა. გარდა ამისა, კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი პროექტის გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც არანაკლებ 20 მაგისტრალური ელექტროლოკომოტივის ტექნიკური მომსახურება ან კაპიტალური შეკეთება განხორციელდა.
მწარმოებელს ასევე მოეთხოვება, რომ მსგავსი ტიპის ლოკომოტივებს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში აწარმოებდეს, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში რომელიმე ერთ წელს მისი საწარმოო სიმძლავრე არანაკლებ 18 ლოკომოტივი ყოფილიყო.
ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეთავაზებული ლოკომოტივები და მათი ძირითადი სისტემები უკვე აპრობირებულ ტექნოლოგიას უნდა ეფუძნებოდეს და მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში წარმატებით უნდა ყოფილიყო გამოყენებული კომერციულ ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, პრეტენდენტებმა უნდა დაადასტურონ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და წარმოადგინონ კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის გეგმა.
წინადადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 30 ოქტომბერია. ტენდერი ორეტაპიანი, ორკონვერტიანი პროცედურით ჩატარდება - პირველ ეტაპზე ტექნიკური წინადადებები გაიხსნება, ხოლო ფინანსური შეთავაზებები მხოლოდ ტექნიკური შეფასების დასრულების შემდეგ.
სატენდერო წინადადებების შეფასებისას ფასს 60%-იანი, ხოლო ტექნიკურ და სხვა არაფასობრივ კრიტერიუმებს 40%-იანი წონა მიენიჭება.
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კომპანია ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელექტროლოკომოტივებს პირველად შეიძენს. კომპანიის შეფასებით, პროექტი რკინიგზის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობის ზრდასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.
„საქართველოს რკინიგზას“ ამჟამად 99 ლოკომოტივი ჰყავს, რომელთაგან ექსპლუატაციაში 91 ერთეულია, ხოლო მოქმედი ლოკომოტივების უმეტესობა - 78 ერთეული 35 წელზე მეტი ხნისაა, რის გამოც პარკის განახლება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ საინვესტიციო მიმართულებად არის განსაზღვრული.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ელექტროლოკომოტივის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად რუსული კომპანია „Уральские локомотивы“ გამოავლინა, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამფლობელი „Sinara Holding“ აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა, 2024 წელს ხელშეკრულება შეწყდა.
BM.GE
წყარო: bm.ge