
რა ქონებას ფლობს MTA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე?
მთის ტრასების სააგენტოს "ემ თი ეის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ 2025 წელს, ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ხელფასის სახით 129 ათასი ლარი აიღო, რაც 2024 წლის მიღებულ ხელფასთან [131 319 ლართან] შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. ამის შესახებ მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის პოსტს ის 2022 წლიდან იკავებდა. მიმდინარე წლის ივლისიდან კი ირაკლი ბურჭულაძემ ეს თანამდებობა დატოვა. ამჟამად დირექტორის მოვალეობას ლევან დარსალია ასრულებს.
განახლებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ბურჭულაძემ გასულ წელს 30 000 ლარის შეწირულობა გააკეთა, თუმცა ვის შესწირა თანხა, დოკუმენტში აღნიშნული არ არის.
ამასთან, გასულ წელს იჯარის სახით მან 45 480 ლარის შემოსავალი მიიღო. მისმა ცოლმა ნინო ახვლედიანმა უძრავი ქონების გაყიდვით 100 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნია, რომ ირაკლი ბურჭულაძემ კომპანია „რენტექს კაპიტალიდან“, სადაც ის 50%-იან წილს ფლობს, გასულ წელს 52 386 ლარის შემოსავალი მიიღო.
ირაკლი ბურჭულაძეს 2 მანქანა ჰყავს - 2021 წელს 28 000 ევროდ შეძენილი KIA Carnival და 2024 წელს 50 000 ევროდ ნაყიდი Porsche Cayenne.
მის სახელზეა ასევე ბათუმში 86 კვ.მ-ის ბინა; დუშეთში, სოფელ კაიშაურებში 39 კვ.მ.-ის და 46 კვ.მ.-ის ბინები; თბილისში, კოსტავას ქუჩაზე 134 კვ.მ.-ის ბინა და ტაბახმელაში 17 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთი.
BM.GE
წყარო: bm.ge