
რა შეცვალა სურსათის გაიაფების დაპირებამ?|ფასები კვლავ იზრდება, თუმცა - შედარებით ნელი ტემპით
რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3% სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები – არის ინფლაცია თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები”.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ცვლილების მაჩვენებელი BMG-მ კიდევ ერთხელ გააანალიზა.
მაღალი ფასები, მთავრობის ძალისხმევა და დროებითი კომისიის დასკვნა
2025 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოში, ევროპის ბაზართან შედარებით, სასურსათო პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა. მისი თქმით, ფასებს შორის არსებული სხვაობა, მათ შორის, სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატებით და მოგების მაღალი მარჟებით იყო განპირობებული. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სურსათზე ფასები უნდა შემცირდეს და ამ მიზნით საკითხის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება დააანონსა. მან სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა, მათ შორის, იმის დასადგენად, იკვეთებოდა თუ არა ფასნამატებში დანაშაულის ნიშნები, ხოლო პარლამენტს შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, ხოლო 2026 წლის თებერვალში - საპარლამენტო დროებითი კომისია.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ დაადგინა, რომ სურსათის ფასი ერთი კონკრეტული რგოლის მიერ არ განისაზღვრება. ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია, რომელზედაც გავლენას ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილე (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელი) ახდენს. ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს არა მხოლოდ პროდუქტის თვითღირებულებას და მარჟას, არამედ საბრუნავი კაპიტალის ღირებულებას, გადახდის პირობებს, ლოგისტიკასა და სხვა გარე ეკონომიკურ ფაქტორებს.
კომისიის დასკვნის თანახმად, არ დასტურდება საცალო ვაჭრობის სექტორში გადაჭარბებული მოგების არსებობა და არც მონოპოლიური მდგომარეობა. კომისიის შეფასებით, საცალო ბაზარი კონკურენტული დინამიკით და დაბალი კონცენტრაციით ხასიათდება, ხოლო სექტორის მოგებიანობის მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
საბოლოოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ „ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისკენ და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ“.
ამრიგად, კომისიის კვლევამ პრობლემები სისტემურ დონეზე, პროდუქტის მწარმოებლიდან მომხმარებლამდე არსებულ მთელ ჯაჭვში, დაინახა.
შედეგად, აქცენტი ბაზარზე ფასების შემცირებიდან მომხმარებლისთვის დაბალი ფასის მოძიების გამარტივებაზე გადავიდა. მთავრობამ მომხმარებლისთვის იაფი პროდუქტის მოძიების მექანიზმი შექმნა. აამოქმედა ფასების საძიებო პორტალი ekalata.gov.ge, რომელიც სხვადასხვა ქსელურ მარკეტში პროდუქციის ფასების შედარების საშუალებას იძლევა.
სურსათის ფასების დინამიკა
ირაკლი კობახიძე განცხადებაში თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით ყოველთვიურ ინფლაციაზე, ანუ წინა თვესთან შედარებით ფასების ცვლილებაზე საუბრობს. შესაბამისად, ჩვენც ამ პერიოდის მონაცემები გავაანალიზეთ.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წინა თვესთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა. ეს წლის განმავლობაში ფასების ყველაზე მკვეთრი თვიური ზრდა იყო. იანვრის შემდეგ, თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით, ფასები ჯამურად დაახლოებით 0.6%-ით შემცირდა.
აღნიშნულ ჯგუფში 92 დასახელების პროდუქტი შედის. თებერვალ-სექტემბრის პერიოდში 50 პროდუქტის ფასი გაიზარდა, 42-ის კი შემცირდა. გაიაფება დიდწილად სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე დაფიქსირდა. ზაფხულსა და შემოდგომაზე, ახალი მოსავლის შემოსვლასთან ერთად, ამ პროდუქტებზე ფასები ბუნებრივად იკლებს. ყველაზე მეტად კი კივი, ლიმონი და ზოგიერთი ბოსტნეული გაძვირდა, რომელიც ძირითადად ასევე სეზონურობას უკავშირდება.
ამიტომ ფასების საერთო დინამიკის შესაფასებლად მნიშვნელოვანია სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინება. ამისთვის მიზანშეწონილია ფასების შედარება არა მხოლოდ წინა თვესთან, არამედ წინა წლის შესაბამის თვესთან/პერიოდთან.
ცხრილი 1: ფასების ცვლილება სურსათის ჯგუფზე, 2026 წლის თებერვალ-სექტემბერში
წყარო: საქსტატი, დეტალური ინდექსები (ცვლილება გამოთვლილია თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით თვიური ინდექსების (წინა თვე = 100) მიხედვით და იანვრის დონესთან შედარებით აჩვენებს სექტემბრის ფასს).
ცხრილი 1-დან ჩანს, რომ ფასების ყველაზე მკვეთრი ცვლილებები სეზონურ პროდუქტებზე მოდის. თებერვლიდან სექტემბრამდე კიტრი და ბადრიჯანი 65–71%-ით გაიაფდა, პომიდვრის, ქლიავისა და წიწაკის ფასები კი ნახევარზე მეტით შემცირდა. ამავე პერიოდში კივი 105.8%-ით, ლიმონი კი 82.7%-ით გაძვირდა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სხვა ციტრუსებზეც, ასევე ხახვზე, მწვანილსა და თევზზე. ამ პროდუქტების ფასების ცვლილება დიდწილად სეზონურობით აიხსნება და თავისთავად არ მიუთითებს სურსათის ფასების საერთო კლებაზე ან ზრდაზე.
სეზონური პროდუქტებისგან განსხვავებით, ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასებზე სეზონურობა შედარებით ნაკლებად მოქმედებს. ამ ჯგუფში თებერვლიდან სექტემბრამდე ყველაზე მეტად ძროხის ხორცი (9.7%-ით) და ქათმის ხორცი (6.5%-ით) გაძვირდა. ფასები გაიზარდა პურსა და ზეთზეც. მაკარონისა და წიწიბურას ფასები თითქმის უცვლელი დარჩა, შაქარი, ბრინჯი, რძე და კვერცხი კი გაიაფდა. (იხილეთ ცხრილი 2).
ცხრილი 2: ფასების ცვლილება ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, 2026 წლის თებერვალ-სექტემბერში
წყარო: საქსტატი, დეტალური ინდექსები (ცვლილება გამოთვლილია თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით თვიური ინდექსების (წინა თვე = 100) მიხედვით და იანვრის დონესთან შედარებით აჩვენებს სექტემბრის ფასს).
სურსათზე ფასების ზრდა გრძელდება, თუმცა შენელებული ტემპით
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების დინამიკა აჩვენებს, რომ წლის დასაწყისში მკვეთრი ზრდის შემდეგ ფასების მატების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.
თვიური მონაცემებით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 2.9%-ით გაიზარდა. მარტსა და აპრილში ზრდა უკვე 0.9% და 0.5% იყო, მაისიდან კი ფასების ცვლილება არაერთგვაროვანი გახდა, ზოგიერთ თვეში ფასები მცირდებოდა, ზოგიერთში კი უმნიშვნელოდ იზრდებოდა. ყველაზე დიდი კლება ივლისში დაფიქსირდა (-0.9%).
თუმცა, თვიური კლების მიუხედავად, ეს არ ნიშნავს, რომ სურსათი წინა წელთან შედარებით გაიაფდა. ამის შესაფასებლად უფრო ინფორმაციულია წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ფასების მიმდინარე დონეს წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელს ადარებს და სეზონურობის გავლენას გამორიცხავს. თებერვალ-სექტემბერში სურსათზე ფასების ზრდა მთელი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა უფრო დაბალი ტემპით. მაგალითად, იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა, სექტემბერში კი წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა.
გრაფიკი 1: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილება (%) წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით
წყარო: საქსტატი
ამრიგად, თებერვალ-სექტემბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასების ზრდა შენელდა, მაგრამ არ შეწყვეტილა.
ყოველთვიური მონაცემები აჩვენებს, რომ (წინა თვესთან შედარებით) ამ პერიოდში ფასები ჯამურად დაახლოებით 0.6%-ით შემცირდა. თუმცა ცალკეული პროდუქტებზე ფასების როგორც მნიშვნელოვანი მატება, ასევე კლება დაფიქსირდა.
სურსათზე ფასების ყოველთვიური ცვლილება ხშირად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული, ამიტომაც წლიური მაჩვენებელი უფრო ზუსტად აჩვენებს სურათს. საანგარიშო პერიოდში ფასების ზრდის ტემპი შენელდა, მაგალითად, სექტემბერში სურსათი გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 3.4%-ით გაძვირდა, იანვარში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში წლიური ინფლაცია 10.6% იყო. შენელებული ზრდა ფასების შემცირებას არ ნიშნავს, ის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ფასები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე წლის დასაწყისში.
BM.GE
წყარო: bm.ge