
რადგან სახელმწიფო სრულად ფარავს, რამდენია სწავლის საფასური აბიტურიენტისთვის აქტუალური აღარ არის - მიქანაძე
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულად დაფარვის გამო, ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის აქტუალური აღარ არის - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის რეჟიმში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა ოპოზიციის კითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ასახული აბიტურიენტთა ცნობარში კონკრეტული ფასები და რატომ გადაიწია რეგისტრაციის ვადებმა მარტიდან აპრილში.
მიქანაძის თქმით, ცნობარი საინფორმაციო სახელმძღვანელოა და მასში შეფასების მეთოდოლოგია ან სახელმწიფო სასწავლებლების ფასები არც უნდა იწერებოდეს, რადგან ამ უკანასკნელს სახელმწიფო თავად აფინანსებს. მას არ უპასუხია კითხვისთვის რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი რეფორმის პირობებში 1 სტუდენტის სწავლა წლიურად.
საკანონმდებლო ორგანოში განათლების მინისტრის დაბარება ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა და 44 კითხვა გაუგზავნა. კითხვებიდან ორი აბიტურიენტების ცნობას შეეხებოდა. კერძოდ
• რატომ არ არის დაგვიანებით გამოქვეყნებულ აბიტურიენტთა ცნობარში პროგრამებზე მითითებული კრედიტები, კერძოდ 240 და 180 კრედიტების განაწილება? წარმოადგინეთ დასაბუთებული პასუხი. • რატომ არ არის აბიტურიენტთა ცნობარში მითითებული 1 სტუდენტის ფინანსური ნორმატივი (განფასების მეთოდოლოგია) პროგრამების, სფეროებისა და ქვესფეროების მიხედვით?
„არ მეგონა, თუ აქაც განმარტებები დამჭირდებოდა, იმიტომ აშკარაა, რომ საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა აბიტურიენტთა ცნობარი რა არის და რა შინაარსს მოიცავს. ამიტომ მე იძულებული ვარ, რომ გარკვეული პატარა გაკვეთილივით გამომივიდეს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. თქვენი დასმული კითხვაა და უნდა გიპასუხოთ. აბიტურიენტების ცნობართან დაკავშირებულ კითხვებთან მიმართებით, თავიდანვე მკაფიოდ გვსურს განვმარტოთ, რა მიზნები და დანიშნულება აქვს ამ ცნობარს. ცნობარი აბიტურიენტებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო სახელმძღვანელოს, რომელიც მომავალ სტუდენტებს საშუალებას აძლევს ეფექტიანად დაგეგმონ, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, ისევე რეგისტრაციის ეტაპები.
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს აბიტურიენტებისთვის აუცილებელ და დეტალურ ინფორმაციას ერთიანი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ. მასში გაერთიანებულია გამოცდაზე რეგისტრაციის პროცედურა და ეტაპები, საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის წესები და რეკომენდაციები, საგამოცდო პროცესის ორგანიზებისა და მიმდინარეობის საკითხები, შედეგების გამოქვეყნების წესი, აპელაციის პროცედურა და უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესი. ცნობარი არასოდეს მოიცავდა, ქალბატონო თათა, და ვერც ახლა მოიცავს შეფასების მეთოდოლოგიას, რომ იცოდეთ სამომავლოდ. რაც შეეხება ერთი სტუდენტის სწავლის საფასურს, ამაზე უკვე ვრცლად მოგახსენეთ და გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური სრულად დაიფარება სახელმწიფოს მიერ, ეს ინფორმაცია სტუდენტისთვის აქტუალური აღარ არის. რაც შეეხება კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს, აქ, როგორც აქამდე, მითითებულია სწავლის საფასური“, - განაცხადა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ უპასუხა კითხვას იმაზეც, რომ მიმდინარე წელს აბიტურიენტთა რეგისტრაციისა და ცნობარის გამოქვეყნების პროცესმა მარტის ნაცვლად აპრილში გადაინაცვლა. მიქანაძის მტკიცებით, ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, ამ ცვლილებას საგამოცდო პროცესზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია და ვადები არ შემცირებულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის გამოქვეყნება, რეგისტრაციის პროცესი, წინა წლებისგან განსხვავებით, მარტის ნაცვლად აპრილში დაიწყო და ამაში თქვენ რაღაც ტრაგედია დაინახეთ, აღნიშნულს არანაირი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია აბიტურიენტების უფლებებზე, ინტერესებსა და საგამოცდო პროცესის ხელმისაწვდომობაზე. არ შემცირებულა არც სარეგისტრაციო და არც საგამოცდო პროცესისთვის განკუთვნილი ვადები. შესაბამისად, აბიტურიენტებისთვის სრულად იყო უზრუნველყოფილი, როგორც ინფორმაციის მიღების, ისე გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადებისა და რეგისტრაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს მთავრობამ პარლამენტს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ მოხდება და მათ სწავლის საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. ამავე ცვლილებებით გაუქმდა სასწავლო გრანტი 2250 ლარის ოდენობით, შესაბამისად სტუდენტები, რომლებიც კერძო უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებენ სახელმწიფო გრანტს ვეღარ მიიღებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge