
რამ განაპირობა აპრილში 6.2%-იანი ეკონომიკური ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, აპრილში ეკონომიკურ ზრდაზე ყველაზე მკვეთრი გავლენა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში არსებულ ზრდამ იქონია, საიდანაც პირველი პოზიცია ნავთობპროდუქტების გადამუშავებამ დაიკავა.
ამასთან ის აღნიშნავს, რომ ზრდის ნაცვლად შემცირებაა მშენებლობის და სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ პრესკონფერენცია გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომლის თქმითაც აპრილში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი.
"წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ეს გახლავთ დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი. ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია, ეს გახლავთ მშენებლობა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორი.
2026 წლის წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 16%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 3%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა 6200-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ზრდა მოდის როგორც ინდმეწარმეების, ისე შპს-ების სეგმენტზე, ძირითადად ადგილობრივი მეწარმეების მიმართულებით.
10.3%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 14 მილიარდ 980 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში: დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ნავთობპროდუქტების, როგორიცაა მაზუთის, ნავთას და გაზოილის წარმოების მნიშვნელოვანი გაფართოებით. ასევე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 18-ჯერ იყო გაზრდილი აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი. გარდა ამისა, 2026 წლის აპრილში დაახლოებით ორჯერ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე 76%-ით არის გაზრდილი ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.