
რამდენად გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები ინფლაციის გათვალისწინებით
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში შინამეურნეობების (ოჯახების) მედიანური შემოსავალი თვეში 2,134 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელთან შედარებით 235 ლარის, ანუ 12.5%-ის მატებას წარმოადგენდა. 2012 წელთან შედარებით კი შინამეურნეობების შემოსავლები 2.7-ჯერ არის გაზრდილი, რადგანაც 2012 წელს ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 793 ლარს შეადგენდა.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განვლილი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფლაციური ტალღა იყო, შემოსავლების მატება არ ჩანს ისეთი მასშტაბური, თუკი მას მუდმივ ფასებში გადავიყვანთ. მთლიანობაში განვლილი 13 წლის განმავლობაში საქართველოში სამომხმარებლო ფასები 76%-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს რომ თუკი 2012 წელს კონკრეტული სამომხმარებლო კალათა ღირდა 100 ლარი, დღეს მისი ფასი 176 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თუკი 2012 წლის მუდმივი ფასებით ვიანგარიშებთ, შინამეურნეობების 2,134 ლარის შემოსავალი უდრის იმავეს რაც 2012 წლის ფასებით 1,210 ლარს ჰქონდა. შესაბამისად, ინფლაციის გამოკლებით ბოლო 13 წლის განმავლობაში შინამეურნეობების შემოსავლები არა 2.7-ჯერ, არამედ 53%-ით გაიზარდა.
ანალოგიურად, ერთ ადამიანზე გაანგარიშებით (შინამეურნეობაში ადამიანების საშუალო რიცხვი 2025 წელს 3.21 ადამიანს შეადგენდა) ერთი ადამიანის მედიანური შემოსავალი 2025 წელს საქართველოში თვეში 664 ლარს შეადგენდა. შედარებისთვის, 2012 წელს ეს რიცხვი 222 ლარს შეადგენდა, რაც ნომინალურად 3-ჯერ ზრდა, ხოლო თუკი ინფლაციის გათვალისწინებით ვიანგარიშებთ ეს მაჩვენებელი 70%-ით გაზრდილი.
ამასთან, ზოგიერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაჩვენებელი შინამეურნეობების მედიანური შემოსავლების ზრდას უსწრებდა, რაც ნიშნავს რომ მუდმივ ფასებში გადაყვანა აჩვენებს, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები ზრდის ნაცვლად მცირდებოდა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო 202-2021 წლების ინფლაციის (9.6% და 11.9% ინფლაცია) პერიოდში იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge