
რას ამბობს სებ-ი Wildberries-თან დაკავშირებით, რომლის ბანკიც ბრიტანეთმა დაასანქცირა
"სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასებას უზრუნველყოფს თავად ფინანსური ინსტიტუტი", - ეს საქართველოს ეროვნულ ბანკში BMG-ის განუცხადეს ბრიტანეთის მიერ რუსული Wildberries Bank-ის სანქცირების აღსრულების შესახებ კითხვის საპასუხოდ.
საუბარია მიმდინარე კვირაში დიდი ბრიტანეთის მიერ ონლაინ-ვაჭრობის რუსული პლატფორმის Wildberries-ის ბანკის სანქცირებაზე. კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია კიდევ 70 სუბიექტით გაზარდა. როგორც ირკვევა, ახალ შეზღუდვებში Yandex Bank-ი და WB Bank-ი მოხვდნენ, რომელიც Wildberries-ის ჰოლდინგის წევრია. ეს ბანკი სწორედ სავაჭრო პლატფორმის ტრანზაქციების ხელშეწყობისთვის იყო შექმნილი.
"საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაიცვან ქართული კანონმდებლობა და სანქციათა რეჟიმების მოთხოვნები. შესაბამისი რეჟიმების მოთხოვნების გავრცელების საკითხის შესაფასებლად, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა ამა თუ იმ სანქცირებული სუბიექტისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასებას უზრუნველყოფს თავად ფინანსური ინსტიტუტი. ამასთან, ეროვნული ბანკი, თავისი მანდატის ფარგლებში, განაგრძობს ფინანსური სექტორის მიერ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების პროცესის ზედამხედველობას", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
სანქცირებაზე საუბრისას WB Bank-ის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ყველა საბანკო ოპერაციის შეუფერხებლად შესრულება კვლავინდებურად შეუძლიათ. მათივე განცხადებით, ორგანიზაცია ყოველთვის მხოლოდ რუსეთის შიდა ბაზარზე იყო ორიენტირებული, რის გამოც კლიენტებისა და Wildberries-ის პარტნიორების მომსახურების კუთხით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
BM.GE
წყარო: bm.ge