
რას უნდა ველოდოთ Google-ის წლის მთავარ ღონისძიებაზე?
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი დეველოპერების ყოველწლიურ კონფერენციაზე, Google I/O 2026-ზე ხელოვნური ინტელექტისა და ახალი მოწყობილობების ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად ემზადება.
არსებული ინფორმაციით, 19 მაისისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება Gemini-ის განახლებულ მოდელებს, Android XR-ის ჭკვიან სათვალეებსა და სრულიად ახალ კომპიუტერულ მოწყობილობას დაეთმობა. ამასთან, კომპანია საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბურ ინტეგრირებას გეგმავს და მომხმარებლებს სხვადასხვა რთული დავალების შესასრულებლად ციფრულ ასისტენტებს შესთავაზებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სიახლე Gemini 4.0-ის პრეზენტაცია იქნება. ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს რთული ოპერაციების შესრულება ბევრად სწრაფი შეეძლება. ეს სისტემა მომხმარებელს ახალ ბლოკნოტებთან, იგივე Note-ებთან მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ბლოკნოტებთან, რომლებიც NotebookLM-ის კვლევით ასისტენტთან პირდაპირ იქნებიან დაკავშირებული. პარალელურად, კომპანია ვიდეო და მუსიკალური გენერაციისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებს, Veo-სა და Lyria-ს განაახლებს. აღსანიშნი ფაქტია, რომ ღონისძიებაზე სამგანზომილებიანი ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Beam-იც გამოჩნდება.
რაც შეეხება მოწყობილობებს, Google-ი 19 მაისს საზოგადოებას თავის ჭკვიან სათვალე Android XR-ს წარუდგენს. საუბარია პროდუქტზე, რომელიც მომხმარებელს შეტყობინებების მიღების, ცოცხალ რეჟიმში თარგმნისა და Gemini Live-ის სისტემით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. ახალი ჭკვიანი სათვალეები უკვე არსებულ კონკურენტულ ბაზარზე შევა. ბაზარზე, სადაც კომპანიის მთავარ მეტოქეებად Meta და Samsung-ი მიიჩნევიან. Google-ში აღნიშნავენ, რომ Samsung-ის Galaxy XR ყურსასმენი Android XR-ის პლატფორმაზე უკვე მუშაობს, შესაბამისად, ეს ფაქტი ახალი მოწყობილობების სრულყოფილად გამოყენებას ხელს შეუწყობს.
ცნობისთვის, Google-მა პირველი ჭკვიანი სათვალე Google Glass-ი ჯერ კიდევ 2013 წელს გამოუშვა, თუმცა პროდუქტმა კონფიდენციალურობის დარღვევის გამო საზოგადოების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.