
რატომ დაიწყეს რუსმა ოლიგარქებმა ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსება?
რუსეთის უმდიდრესმა მოქალაქეებმა მიმდინარე წელს სახელმწიფო ხარჯების 1%-ზე მეტი "ნებაყოფლობითი" დონაციებით დააფარეს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიზნესმენების და ოლიგარქების მიერ გაღებულმა თანხამ $5.6 მილიარდზე მეტი შეადგინა. ამ შენატანების გარეშე, ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3.4%-მდე გაიზრდებოდა.
შექმნილი ვითარების ფონზე, რუსეთის მთავრობა წელს დეფიციტის მშპ-ის 3.2%-იან ნიშნულზე, ანუ $87 მილიარდზე განსაზღვრას გეგმავს, რაც თავდაპირველ მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოლიგარქების "ნებაყოფლობითი" დონაციების ინიციატივა მარტში გაჟღერდა ვლადიმირ პუტინთან გამართულ იმ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც თითქმის ყველა ოლიგარქი ესწრებოდა და რომლის მიზნად "სამშობლოს დახმარება" დასახელდა.
შეხვედრისას ერთ-ერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ 1990-იან წლებში სახელმწიფოს რესურსების დახმარებით დაგროვილი ქონების ფონზე, ბიზნესის ვალია ქვეყნის ბიუჯეტს დაეხმაროს. შედეგად, "ნებაყოფლობითი შემოსავლების" სახით მიღებულმა თანხამ გადააჭარბა იმ მოგების გადასახადს, რომელსაც მეტალურგიული და სასუქების მწარმოებელი კომპანიები იხდიან.
ამასთან, რუსეთის ხელისუფლება 2026 წელს კერძო სექტორისგან ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის გზით ბიუჯეტში დამატებით $4.5 მილიარდის მობილიზებას გეგმავს.
ექსპერტების შეფასებით, "ნებაყოფლობითი" აღწერის მიღმა იძულების მკაცრი მექანიზმი დგას, რომელიც ყველა გამოძახებულ ბიზნესმენს ავალდებულებს ზუსტად იმდენის გადახდას, რამდენსაც მთავრობა ითხოვს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, კრემლის არსენალში "ნაციონალიზაციის" და აქტივების ჩამორთმევის მძლავრი იარაღი არსებობს, რომელიც პუტინს 2022 წლის შემდეგ არაერთხელ გამოუყენებია.
BM.GE
წყარო: bm.ge