
რატომ ვერ გააიაფა "დიზელის შეთანხმებამ" საწვავი?
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობას შორის მიღწეულმა "დიზელის შეთანხმებამ" ბაზარზე საწვავის ფასების შემცირება ვერ უზრუნველყო, უფრო მეტიც - ამ შეთანხმების დაანონსების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის, ბენზინის და დიზელის ფასები უფრო მკვეთრად გაიზარდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, დიზელის ფასის ინდექსი წლის განმავლობაში 72%-ით არის გაზრდილი; ნავთობის გაძვირების მაჩვენებელი 84%-ს აღწევს, ხოლო პრემიუმ და სუპერის მარკის ბენზინის ღირებულება უკვე საშუალოდ 100%-ით არის მომატებული.
ექსპერტების შეფასებით, ტრამპის "დიზელის შეთანხმება" მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობისაა და ის გლობალურ ბაზარზე ვერაფერს ვერ შეცვლის, რაც გაფორმებული მოცულობები ამისთვის საკმარისი ფიზიკურად არ არის.
ამასთან, უკრაინულმა სამხედრო იერიშებმა რუსეთის შიდა გადასამუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 50% მწყობრიდან გამოიყვანა. ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო, მოსკოვს დაპირებული მოცულობის წარმოება და ექსპორტზე გატანა ფიზიკურად აღარ შეუძლია.
რაც შეეხება სტატისტიკას, თავდაპირველად დაანონსებული 300 000 ტონა და ნოემბერში დაგეგმილი 500 000 ტონა საწვავი დღიურად მხოლოდ 100 000 ბარელს უტოლდება. ეკონომისტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი არსებულ მოთხოვნასთან შედარებით "ზღვაში წვეთია" და ის საერთო სურათს ვერანაირად ვერ შეცვლის, რადგან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველდღიურად 4 მილიონ ბარელ საწვავს მოიხმარს.
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დიზელის კრიზისზე პირდაპირი გავლენა აქვს ირანის ომს და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე პროცესებს, რომლის დაბალანსება რუსული ექსპორტით უბრალოდ შეუძლებელია. აქ პრობლემას ის იწვევს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, რეგიონული ექსპორტი დღიურად 800 000 ბარელითაა შემცირებული და რუსული მიწოდება ამ დანაკარგს ვერ აბალანსებს.
პარალელურად, სატრანსპორტო პროცედურები რამდენიმე კვირას მოითხოვს და ტვირთი დანიშნულების ადგილზე აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ვერ ჩავა. შესაბამისად, ტრამპი ამ გარიგებით ვერც პოლიტიკურ გამარჯვებას ვერ მიიღებს.
თუკი საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოს დავუჯერებთ, მსოფლიოში არსებული ენერგოკრიზისის დასრულება მხოლოდ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით, ჰორმუზის სრუტის გახსნით და ახლო აღმოსავლეთიდან წარმოების აღდგენით შეიძლება. სხვა ნებისმიერი მცდელობა და გადაწყვეტილება შეგვიძლია უშედეგოდ ან წინასაარჩევნო პოლიტიკურ დაპირებად ჩავთვალოთ.
BM.GE
წყარო: bm.ge