
რაზე (ვერ) შეთანხმდნენ პუტინი და სი ძინპინი?
ტრამპის ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე, პეკინს რუსეთის ლიდერიც ეწვია. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეკინში შეიძლება ითქვას, ტრამპის ვიზიტის საპასუხო, ურყევი და ყოვლისმომცველი პარტნიორობის ხაზისგამსმელი სამიტი გამართეს.
შეხვედრისას, ორმა ლიდერმა მტკიცედ დაგმო ვაშინგტონის სურვილი, იყოს მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველი, ჰეგემონი. მათ გამოთქვეს შიში, რომ თუ ზესახელმწიფოები წესრიგს არ აღადგენენ, აშშ კი ტრამპისეულ, გლობალური წყობილების მომშლელ ომებზე უარს არ იტყვის, მსოფლიო „ჯუნგლების წესებით“ მოქმედებას დაიწყებს და ეს ყველას საფრთხის წინაშე დააყენებს.
ერთობლივ განცხადებაში მათ პირდაპირ გააკრიტიკეს ტრამპის მიერ ინიციირებული 175 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათი“, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ამერიკის თვალში გლობალური თანამშრომლობები წარსულს ჩაბარდა და რომ ყველამ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს.
ამ სამიტით მათ თავი წარმოაჩინეს, როგორც გლობალური ჰეგემონის, აშშ-ის ალტერნატივად, სიმბოლოდ იმისა, რომ ერთად და მყარად დგანან ფეხზე და რომ მათი ნდობის მასშტაბი აშშ-სა და მისი ევროპელი, შეიძლება ითქვას, ყოფილი მოკავშირეებისას არაფრით ჩამოუვარდება.
ლიდერები შეეხნენ აშშ-ირანის ომსაც. იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა აქვს კონფლიქტს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევა ომის დასასრულებლად და გამოთქვეს ამ პროცესში თავადაც ჩართვის მზაობა. სი ძინპინის თქმით, სამხედრო მოქმედებების შეჩერება და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლა კრიტიკულად საჭიროა. ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა უპირველესი, გადაუდებელი საკითხია და რომ ვაშინგტონისა თუ ისრაელის მიერ საომარი მოქმედებების განახლება სრულიად არამიზანშეწონილი იქნება.
პუტინი - სი ძინპინის შეხვედრის მიზანი მხოლოდ ძალის დემონსტრირება არ ყოფილა. ჯამურად ხელი 20 ორმხრივ შეთანხმებას მოეწერა. ეს იმ ფონზე, როცა ტრამპის შემთხვევაში ერთი დოკუმენტიც არ გაფორმებულა. ამ გარიგებებით ოფიციალურად განმტკიცდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სამხედრო, ენერგეტიკული თუ ადმინისტრაციული კავშირები. დოკუმენტების ეს ნაკრები მოიცავს ტექნოლოგიურ თანამშრომლობასა და მდგრად ვაჭრობას, ასევე ანტიმონოპოლიური კადრების გადამზადების ერთობლივ პროგრამებს. ამას გარდა, სტრატეგიული ინოვაციების წასახალისებლად, მათ საფუძველი ჩაუყარეს ერთობლივი ინოვაციების ინსტიტუტის დაარსებას და შეთანხმდნენ ტალანტების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციაზე.