
რეკორდული 25 მოსწავლე საგრანტო დაფინანსებით! ბრიტანულ-ქართული აკადემია ხარისხიან განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
საქართველოს წამყვანი კერძო სკოლა, ბრიტანულ-ქართული აკადემია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაღალი ხარისხის განათლება ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
2026/2027 სასწავლო წლისთვის აკადემიამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში რეკორდული რაოდენობა - 25 მოსწავლე მიიღო. თითოეული გრანტი მოსწავლის აკადემიური მიღწევების, შრომისა და პოტენციალის აღიარებაა.
25 მოსწავლედან 15-მა 70%-დან 100%-მდე გრანტი მოიპოვა, ხოლო 10 მოსწავლე კი სწავლას 30%-დან 60%-მდე თანადაფინანსებით გააგრძელებს.
2022 წლიდან დღემდე ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგრანტო პროგრამამ ჯამში 91 მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, ესწავლა საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებზე და შედეგად, მრავალი მათგანი ახლა უკვე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას. ამ პერიოდში გაცემული გრანტების საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღწევს.
საერთაშორისო განათლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში
2006 წლიდან ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას სთავაზობს. სკოლაში დანერგილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამები — Cambridge International Education – Cambridge Pathway და International Baccalaureate (IB) Diploma Programme.
ეს პროგრამები მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კვლევით უნარებსა და გლობალურ ხედვას, რაც მათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის ამზადებს.
შესაძლებლობა მათთვის, ვინც იმსახურებს
„ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის საგრანტო პროგრამა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის - ეს არის ინვესტიცია მომავალი თაობის განვითარებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნიჭიერ და მიზანდასახულ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო განათლება მათი სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. გვჯერა, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქმნის ძლიერ, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიან მომავალ თაობას, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.“ - აღნიშნავს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი სალომე დანელია.