
რკინიგზის მგზავრთა გადაყვანების სუბსიდირებაზე თანხა გაზრდილია, კომპანიას კვაზი-ფისკალური ხარჯები აღარ უნდა ჰქონდეს - კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მიმდინარე წლისთვის საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაიზრდება და ის 8 მლნ ლარზე მეტი იქნება.
საქმე ისაა, რომ 2025 წელს რკინიგზას მგზავრთა გადაყვანა 56.4 მლნ ლარი დაუჯდა, საიდანაც დაახლოებით 31 მლნ ლარი მგზავრების მიერ გადახდილი თანხა იყო, ხოლო 8 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული კომპენსაცია.
როგორც გიორგი კაკაურიძე BMG-სთან აცხადებს, მოლოდინია, რომ ამ მიმართულებით წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა სრულად დაფარავს წლის ბოლომდე რკინიგზის მგზავრთა გადაყვანების მიმართულებას და მომდევნო წლიდან რკინიგზას მსგავსი ხარჯები აღარ უნდა ჰქონდეს.
“კვაზი-ფისკალური აქტივობების გადმოტანა ბიუჯეტზე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი [მიმართულება], გამომდინარე იქიდან, რომ გამჭვირვალობა იზრდება. როდესაც შეფასებას აკეთებთ, თუ ეს ხარჯი რამდენად სწორია, არ არის სწორი თუ შესაძლებელია სხვანაირად ჩანაცვლდეს, იგეგმება, რომ ეს კვაზი-ფისკალური აქტივობები შემცირდეს, რასაც სახელმწიფო საწარმო აფინანსებს და არ არის საჯარო ყველასთვის. შეიძლება საჯაროობის პირობებში გარკვეული შემცირება მოხდეს კვაზი-ფისკალური აქტივობების.
წელს რაც გავლილი გვაქვს ჩვენ რკინიგზასთან, ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი [მგზავრთა გადაყვანის სუბსიდირებაზე], ვფიქრობთ, რომ სრულად დაფარავს წლის ბოლომდე მის კვაზი-ფისკალურ ხარჯებს. ანუ მომდევნო წლიდან რკინიგზას უკვე კვაზი-ფისკალური ხარჯი აღარ უნდა ჰქონდეს. [ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონ ლარზე] მეტია გამოყოფილი”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება კომპანიებში ე.წ. კვაზი ფისკალური აქტივობების იდენტიფიცირებას და მათ ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს.
კერძოდ, საწარმოებში ისეთი აქტივობების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, როგორიცაა კომპანიების მიერ სოციალური, პოლიტიკური ან სხვა არაკომერციული მიზნების დაფინანსება, რაც იწვევს საწარმოს შემოსავლების ან წმინდა მოგების შემცირებას.
BM.GE
წყარო: bm.ge