
როდის დაიწყება Trump Tower-ის მშენებლობა და რა ეღირება კვ.მ? – წულაიას პასუხი
Trump Tower-ის პროექტი ოფიციალურ სტარტს სავარაუდოდ სექტემბრიდან აიღებს - ამის შესახებ bmg-ის კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ განუცხადა. როგორც წულაია აღნიშნავს, საუბარია სრულიად განსხვავებული სეგმენტის პროდუქტზე, რომლის მსგავსიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ განხორციელებულა, შესაბამისად პროექტში უძრავი ქონების შეძენის ფასი არსებულზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება.
„Trump Tower-ის კომპლექსის პროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან არქიტექტურულ კომპანიასთან Gensler-თან. საზოგადოებამ უკვე იხილა პირველი კონცეფცია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, კომპლექსში გაცილებით უფრო მასშტაბური, თანამედროვე და ვიზუალურად გამორჩეული შენობები იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი მოლოდინია, რომ უკვე სექტემბრისთვის მზად ვიქნებით პროექტის ოფიციალური სტარტის ანონსისთვის.
ფასები სრულად შეესაბამება იმ პრემიუმ და ლუქს ხარისხს, რასაც Trump Tower წარმოადგენს. ხარისხი იქნება უმაღლესი სტანდარტის. პროექტირების დასრულების შემდეგ ზუსტად დაითვლება სამშენებლო ღირებულება და ამის მიხედვით განისაზღვრება საბოლოო ღირებულებაც. თუმცა ცხადია, რომ ფასი მნიშვნელოვნად მაღალი იქნება დღევანდელ სტანდარტულ ბაზართან შედარებით. საუბარია სრულიად განსხვავებული, luxury სეგმენტის პროდუქტზე, ისეთ ხარისხზე, რომელიც საქართველოს ბაზარზე პრაქტიკულად ჯერ არ განხორციელებულა. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი იქნება უნიკალური და ყველასგან განსხვავებული, შესაბამისად განსხვავებული იქნება მისი ფასიც. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანია, ფასნამატი არ იყოს ზედმეტად მაღალი, რათა პროექტი ხელმისაწვდომი დარჩეს უფრო ფართო მყიდველთა სეგმენტისთვისაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ დაინტერესებული პირებისთვის.“ - უთხრა bmg-ის ილია წულაიამ.
70-სართულიანი მრავალფუნქციური Trump Tower-ის მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-მა აპრილის ბოლოს გაავრცელა.
პროექტი დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. იგი ფუფუნების კლასის საცხოვრებელ ბინებსა და სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურას მოიცავს.