
როგორ "იმალება" სიღარიბე ოფიციალურ სტატისტიკაში?|ეკონომისტის ანალიზი
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ეკონომისტ ელგუჯა ხოკრიშვილის შეფასებით, ევროკავშირის მეთოდით საქართველოს რეალური სიღარიბე, სავარაუდოდ, 30%-35%-მდე ავიდოდა ანუ ყოველი მესამე მოქალაქე სიღარიბის სტატისტიკაში მოხვდებოდა.
საქართველოში სიღარიბის დონეზე ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან, ბოლო ხუთ წელიწადში, აბსოლუტური სიღარიბის დონის, დაახლოებით, 7%-მდე შემცირებით თავის მოწონებას.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის შემდეგ, აბსოლუტური სიღარიბის დონე 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა ანუ თითქმის სამჯერ; რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელს, რაზედაც პრემიერმა ნაკლებად გაამახვილა ყურადღება, არც ისე მაღალი ტემპით მცირდება. კერძოდ, 2020 წელს ფარდობითი სიღარიბის დონე მედიანური მოხმარების 60 პროცენტის მიმართ იყო 19.7%, 2025 წლის ბოლოს კი - 17.3%. ცნობისთვის: ფარდობითი სიღარიბე ზომავს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს.
სიღარიბის დონის შეფასებისას ელგუჯა ხოკრიშვილმა განმარტა, რა სხვაობაა აბსოლუტურ და ფარდობით სიღარიბეს შორის და როგორ „იმალება“ სიღარიბე ოფიციალურ სტატისტიკაში.
„აბსოლუტური სიღარიბე არის უკიდურესი გაჭირვების ზღვარი. ვინც ამ ზღვარს ოდნავ აღემატება, მაგალითად, თვეში - 50 ლარით, სტატისტიკიდან ვარდება და ოფიციალურად „ღარიბი" აღარ არის.
ფარდობითი სიღარიბე არის სიღარიბის რისკის ქვეშ ყოფნის ინდიკატორი. ის გვიჩვენებს, ვინ ცხოვრობს მნიშვნელოვნად უარესად, ვიდრე „საშუალო მოქალაქე" ქვეყანაში. თუ შენ მოიხმარ მედიანურ მოხმარებაზე 60%-ით ნაკლებს, შენ ღარიბად ითვლები. ეს მაჩვენებელი საქართველოში 2017 წლიდან თითქმის არ შემცირებულა (18-22%). ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდით „საშუალო მოქალაქე" ვერ სარგებლობს, საშუალო ფენა მცირდება, ხოლო სიღარიბე სტრუქტურულია“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ეკონომისტმა „წერტილთან“ ინტერვიუში სიღარიბის დათვლის მეთოდოლოგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით,"მთავარი პოლიტიკური ხრიკი არის ის, რომ საქართველო სიღარიბეს მოხმარების მიხედვით ზომავს, ხოლო ევროკავშირი - შემოსავლის მიხედვით“, რაც ელგუჯა ხოკრიშვილის შეფასებით, უფრო ზუსტ სურათს ასახავს და მიაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ფარდობითი სიღარიბე მოხმარების ნაცვლად მედიანური შემოსავლით გაიზომოს.
"ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, სადაც დიდია არაფორმალური სექტორისა და უცხოეთიდან მიღებული გზავნილების წილი, მოხმარებაზე მიბმით სიღარიბის რეალური მაჩვენებელი იმალება და ხელოვნურად მცირდება. მაგალითად, თუ თქვენ მოხმარებას ვალით აფინანსებთ (ვიცით, რომ ბევრ პენსიონერს აქვს სამომხმარებლო კრედიტი) ან თუნდაც ემიგრანტების გზავნილებით ცხოვრობთ, ამ სტატისტიკით სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფთა კატეგორიაში აღარ ხვდებით ანუ მოხმარების სტატისტიკაში ნორმალურად ჩანს ასეთი ადამიანი და ღარიბად არ ითვლება... ამდენად, ევროკავშირის მეთოდით საქართველოს რეალური სიღარიბე, სავარაუდოდ, 30-35%-მდე ავიდოდა ანუ ყოველი მესამე საქართველოში...“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა და იმის საილუსტრაციოდ, რომ რეალურად, საქართველოში, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არაა, რამდენიმე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი მოიშველია.
"ოჯახების კეთილდღეობის კლასიკური ინდიკატორია სურსათზე გაწეული საოჯახო ხარჯების წილი. ქართული ოჯახი ბიუჯეტის დაახლოებით 43%-ს მხოლოდ საკვებზე ხარჯავს (EU-14,8%). დაახლოებით, 279 000 ბავშვი, საქართველოს ყოველი მესამე ბავშვი, საარსებო შემწეობას იღებს“, - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
"წერტილთან" საუბრისას ეკონომისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკური ზრდის ვირტუალური ილუზია რეალური პრობლემების გადაფარვას ემსახურება, რაც ავტორიტარიზმისთვისაა დამახასიათებელი.
"ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელ ეკონომიკასა და სტატისტიკასთან. მას შემდეგ, რაც ევროპული პერსპექტივა ირიბად გააუქმეს და უვადოდ გადადეს, ხელისუფლება ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა. საერთოდ, ყველა ავტორიტარული რეჟიმის მთავარი გამოწვევა სწორედ ლეგიტიმაციის დეფიციტია, რის ჩანაცვლებასაც ისინი, როგორც წესი, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ცდილობენ, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იზრდება. დასაქმება იკლებს, ინფლაცია იზრდება, პენსიები არ არის საკმარისი, ხოლო საგარეო ეკონომიკის სულ უფრო დიდი ნაწილი რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული... გაღარიბება შემთხვევითი არ არის, ის ფუნქციური მექანიზმია. ღარიბი, ვალში ჩაფლული, შემწეობაზე დამოკიდებული მოქალაქე უფრო იოლი მართვადია არჩევნებზე“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge