
როგორ იცვლება ფარული თვალთვალის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირების წესი? - კანონპროექტი
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების წესის შეცვლას ითვალისწინებს.
ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შედის და შეეხება განსაკუთრებით მძიმე და მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებზე ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობით, თუ საქმე ეხება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულს და საქმეზე პროკურორი შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, მას შესაბამისი პირისთვის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება. სხვა ტიპის დანაშაულებზე კი შეტყობინება მხოლოდ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ხდება.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა „არათანმიმდევრული და ალოგიკურია“, რადგან საქმის დასრულების შემდეგ შესაძლოა ახალი გარემოებები გამოიკვეთოს, რაც გამოძიების გაგრძელებას ან სისხლისსამართლებრივი დევნის განახლებას საჭიროებდეს. მათი შეფასებით, ასეთ პირობებში პირისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებამ შესაძლოა გამოძიების ინტერესები დააზიანოს.
ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1439 მუხლის მე-7 ნაწილი საერთოდ ამოიღებენ. შედეგად, პროკურორს აღარ ექნება ვალდებულება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე დანაშაულებზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პირს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე აცნობოს.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ახალი წესით როგორც მძიმე დანაშაულებზე, ისე სხვა კატეგორიის საქმეებზე, შეტყობინების ერთიანი სისტემა იმოქმედებს და ინფორმირების ვადა უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტის მიღება ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს და არც დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს წარმოშობს.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, აკაკი ალადაშვილი და ალუდა ღუდუშაური.
BM.GE
წყარო: bm.ge