
როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
ტექნოლოგიურ სექტორში ტალანტების მოძიება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა თანამედროვე ბაზარი აჩვენებს, რომ მხოლოდ პროფესიონალის პოვნა საკმარისი არ არის. დღეს ინდუსტრია შემდეგი მოცემულობის წინაშე დგას: მაშინ, როცა გამოცდილ სპეციალისტებზე მოთხოვნა პიკს აღწევს, დამწყები ენთუზიასტებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმა და პროფესიული სტაგნაციის გარღვევა სულ უფრო რთული ხდება. ეს არის ორმხრივი გამოწვევა - ერთი მხრივ, დამწყებებისთვის, რომლებსაც კარიერული გზის დასაწყისშივე მაღალ ბარიერებთან შეჯახება უწევთ და მეორე მხრივ, მთლიანი ინდუსტრიისთვის, რომლის მდგრადობა და მუდმივი განახლება სწორედ ახალი, ენერგიული ტალანტების შემოდინებაზეა დამოკიდებული.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Upgaming-ის Talent Growth პროგრამა. ეს არის ინიციატივა, რომელიც დამწყებ სპეციალისტებს აძლევს რეალურ შანსს, რომელიც მათ პროფესიული ზრდისთვის სჭირდებათ. კომპანია მათთვის ხსნის კარს, სადაც პოტენციალი გამოცდილებაზე არანაკლებ ფასობს.
პროგრამას უკვე ჰყავს პირველი წარმატებული კურსდამთავრებულები. სტანდარტული სასწავლო და სტაჟირების კურსისგან განსხვავებით, ეს არის ეკოსისტემა, რომელიც ორგანულად აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას, პროფესიონალ მენტორთა ჩართულობასა და კორპორაციულ კულტურას.
გლობალური პროექტები და პრაქტიკული გამოცდილება
Talent Growth-ის სასწავლო მოდელი იმგვარად არის აგებული, რომ მონაწილეები პირველივე დღეებიდან პროცესების ეპიცენტრში ხვდებიან. აქ თეორიული ბაზა მხოლოდ საწყისი წერტილია, მთავარი ღირებულება კი რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე მუშაობისას მიღებული პრაქტიკული გამოცდილებაა.
Upgaming-ის People Development და Early Careers მენეჯერი, მაიკო მჟავანაძე განმარტავს, რომ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მის დინამიკურობაშია: ეს არის გარემო, სადაც მონაწილეებს აქვთ შეცდომის დაშვების სრული თავისუფლება და, რაც მთავარია, მყისიერი უკუკავშირის შესაძლებლობა, რაც განვითარების ტემპს მნიშვნელოვნად აჩქარებს:
„ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მონაწილეებს უშუალო შეხება ჰქონდეთ საერთაშორისო პროექტების სამუშაო გარემოსთან, თუმცა არა მხოლოდ როგორც შემსრულებლებს, არამედ ასევე როგორც მკვლევრებს. თეორიული ნაწილი მათ საჭირო სისტემურ ხედვას აძლევს, რათა პრაქტიკული ამოცანების შესრულება შემეცნებითი პროცესი იყოს - რეალურ ქეისებზე მენტორებთან ერთად მუშაობა ეხმარება მათ, ერთობლივად გააანალიზონ რთული სიტუაციები და იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები. სწორედ ეს პროცესი უწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას და იმ კონკურენტული გამოცდილების მიღებას, რაც გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზეა მოთხოვნადი“ - აღნიშნავს მაიკო.
მენტორინგი: ცოდნის გაზიარების კულტურა
Upgaming-ის გუნდი პროგრამის წარმატების მთავარი საყრდენია. კომპანიაში მენტორებად ისეთი პროფესიონალები არიან შერჩეულნი, რომლებიც მაღალ ტექნიკურ კომპეტენციასთან ერთად, ცოდნის ეფექტურად გაზიარების ბუნებრივ ნიჭსა და სურვილს აერთიანებენ. მათთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ საკუთარი საქმის საუკეთესოდ ცოდნა, არამედ სხვისი განვითარების მხარდაჭერაც.
მაიკო მჟავანაძის განმარტებით, მენტორის შერჩევისას ყურადღება ექცევა კომუნიკაციასა და ემპათიას. მნიშვნელოვანია, რომ მენტორს შეეძლოს რთული საკითხების მარტივად ახსნა და სხვადასხვა დონის ცოდნის მქონე ადამიანებთან ინდივიდუალური მიდგომის პოვნა.
თავად მენტორებისთვის „მასწავლებლის“ როლის მორგება საინტერესო პროფესიულ გამოწვევად იქცა. ამ პროცესის გასამარტივებლად აპგეიმინგმა მათ სპეციალური საკვალიფიკაციო ტრენინგები ჩაუტარა, რაც მეთოდოლოგიისა და სწორი მიდგომების გააზრებაში დაეხმარა.
„მენტორებმა აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება მათთვისაც პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი გახდა. კომპანიის მხრიდან მხარდაჭერამ და შესაბამისმა მომზადებამ მათ თავდაჯერებულობა შესძინა, რამაც საბოლოოდ სასწავლო პროცესის ხარისხზეც დადებითი გავლენა იქონია.“
შედეგები და კულტურული ადაპტაცია
Talent Growth პროგრამის პირველივე ეტაპმა ცხადყო, თუ რამდენად მაღალია მოთხოვნა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ინიციატივებზე. მაიკო მჟავანაძის თქმით, ინტერესის მასშტაბი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ, რამაც შერჩევის პროცესი კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გახადა.
„პირველი ნაკადის შედეგები საკმაოდ ნათლად აჩვენებს როგორც ინტერესის მასშტაბს, ისე შერჩევის პროცესის სიზუსტეს. პროგრამა 6 მიმართულებით გამოცხადდა და საერთო ჯამში მივიღეთ 500-მდე აპლიკაცია, რაც მაღალ კონკურენციაზე მიუთითებს. ამ რაოდენობიდან ინტენსიური სწავლებისთვის 12 მონაწილე შეირჩა, რომელთაგან 11-მა პროგრამა წარმატებით დაასრულა და გუნდის წევრი გახდა.“
მაიკოს თქმით, პროგრამის მთავარი წარმატება მონაწილეების ბუნებრივი და სწრაფი ინტეგრაციაა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა მათმა აქტიურმა ჩართულობამ კომპანიის შიდა ცხოვრებაში. ისინი პირველივე დღეებიდან გახდნენ აფგეიმინგის კულტურის ნაწილი: მონაწილეობდნენ შიდა კლუბების აქტივობებში, თიმბილდინგებსა თუ სხვადასხვა გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში.
უწყვეტი განვითარება: პირველი ნაკადის გაკვეთილები
პირველი ნაკადი აფგეიმინგისთვის მნიშვნელოვანი შემეცნებითი პროცესი აღმოჩნდა. მაიკოს თქმით, პროგრამის მართვისას ყველაზე დიდი გამოწვევა მკაცრი სტრუქტურისა და მონაწილეთა ინდივიდუალური საჭიროებების მიმართ მოქნილობის ბალანსი იყო.
მუდმივი უკუკავშირი, ყოველთვიური შეხვედრები, პრეზენტაციები და წერილობითი უკუკავშირი გახდა ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელმაც პროექტს „ცოცხალი ორგანიზმის“ ხასიათი შესძინა.
„ამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ Talent Growth პროგრამა არ არის სტატიკური პროდუქტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. ჩვენი მიზანია, თითოეული ნაკადის შემდეგ პროგრამა მეტად მოვარგოთ მონაწილეების საჭიროებებსა და ბაზრის დინამიკურ მოთხოვნებს,“.
Upgaming-ის Talent Growth პროგრამა განაგრძობს გაფართოებას. პირველი ნაკადის წარმატებამ უფრო მასშტაბურ გეგმებს ჩაუყარა საფუძველი, რაც ახალი მიმართულებების დამატებასა და მეტი ტალანტის აღმოჩენას გულისხმობს.
მათთვის, ვისაც სურს პროფესიული გზა საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით დაიწყოს და გახდეს გუნდის ნაწილი, სადაც განვითარება პრიორიტეტია, დეტალური ინფორმაცია და სიახლეები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე: Talent Growth Program
BM.GE
წყარო: bm.ge