მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ კვებავს ჩინეთი 1.4 მლრდ ადამიანს და რა არის პეკინის მთავარი გამოწვევა?
როგორ კვებავს ჩინეთი 1.4 მლრდ ადამიანს და რა არის პეკინის მთავარი გამოწვევა?

როგორ კვებავს ჩინეთი 1.4 მლრდ ადამიანს და რა არის პეკინის მთავარი გამოწვევა?

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

ჩინეთისთვის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტთა შორისაა საკუთარი მოსახლეობის გამოკვება. მოსახლეობის, რომელიც გლობალური პოპულაციის მეხუთედს მოიცავს.

რთული მისახვედრი არ არის, რომ ლანგარზე დადებული საკვების უკან წარმოუდგენლად მასშტაბური ლოგისტიკური ქსელები, მილიარდობით დოლარი და, ზოგჯერ, პოლიტიკური თამაშებიც დგას. ეს სტატია სწორედ იმ თემას შეეხება, თუ რომელი პროდუქტებია ყველაზე პოპულარული ჩინეთში და როგორ ახერხებს ხელისუფლება, რომ მოსახლეობის კოლოსალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ვიდრე გადავალთ კონკრეტულ პროდუქტებზე, დავიწყოთ ციფრებით, რათა გავიგოთ, თუ რა მოცულობის ბაზარზეა საუბარი. 2024 წელს ჩინეთში საკვებისა და სასმელების საცალო გაყიდვებმა $432 მილიარდს მიაღწია, სურსათის გადამუშავების ინდუსტრიამ კი $1.3 ტრლნ.-ს გადააჭარბა. ამასთან, 2025 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო სამომხმარებლო ხარჯის, $4,400-ის ყველაზე დიდი წილი - თითქმის 30% სწორედ სურსათზე მოვიდა.

რაც შეეხება პროდუქტებს, საინტერესო ფაქტია, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში მოსახლეობის მენიუ მეტ-ნაკლებად შეიცვალა. ურბანიზაციამ და შემოსავლების ზრდამ ბრინჯსა და ხორბალზე პირდაპირი მოთხოვნა დაასტაბილურა, სამაგიეროდ, მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა ღორის, საქონლისა და ფრინველის ხორცზე.

მარტივად რომ ვთქვათ, დღეს პეკინისთვის გამოწვევად არა ხალხისთვის პურისა და ბრინჯის მიწოდება, არამედ მსოფლიოში უდიდესი მეცხოველეობის სექტორის გამოკვება იქცა. აი, რატომ...

სახელმწიფო, რომელიც მარცვლეულზე ყოველთვის იყო დამოკიდებული, ამ მხრივ კვლავ სრულად ინარჩუნებს თვითკმარობას. ბრინჯის 98.5% ადგილზე მოჰყავთ. 93%-ით აკმაყოფილებენ ხორბლის მოთხოვნასაც. მეტიც, პირუტყვის, კერძოდ, ღორის მოშონებაც კი ლოკალიზებულია და მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფერმებით ადგილობრივი ბაზრის 97% კმაყოფილდება.

თუმცა, პრობლემა მაშინ იწყება, როცა საუბარი თავად ამ საქონლის გამოკვებაზე მიდგება. ძირითადი საჭმელი, რომლითაც ჩინელი ფერმერები ღორს კვებავენ, სოიოა. პროდუქტი, რომელიც სახელმწიფოს წლიურად 120 მილიონი ტონა ესაჭიროება. ჩინეთი კი ამ დროს, მაქსიმუმ 24 მილიონს აწარმოებს. ამის გამო, ქვეყანას სოიოს 87%-ის ყიდვა უცხოეთიდან უწევს. ანუ, სერიოზულადაა დამოკიდებული სხვაზე.

ვინ არის ეს სხვა? - ახლა 2018 წელი რომ იყოს, ვიტყოდით, რომ საუბარია აშშ-ზე. სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა დიდი წილი ჩინეთის აგრარული იმპორტისა, მაგრამ ტრამპის მიერ დაწყებულმა სავაჭრო ომმა პეკინი ამერიკული ბაზრიდან გააქცია და ორ მხარეს შორის აგრარული იმპორტი $38 მილიარდიდან $8.3 მილიარდამდე ჩამოიყვანა.

სანაცვლოდ, ჩინეთმა იპოვა სხვა მსხვილი მოთამაშე - სამხრეთ-ამერიკული ბრაზილია, თუმცა, მასზეც კრიტიკულად დამოკიდებული გახდა. სოიოს 87%-ს დღეს ზესახელმწიფო სწორედ მისგან იღებს. სხვათა შორის, საქონლის ხორცის იმპორტის ნახევარიც მასზე მოდის.

აი, სწორედ ამიტომ იქცა 2026 წლის ოქტომბრის ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები პეკინისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხად. პირველ ტურში დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირის, კონსერვატორ ფლავიო ბოლსონარუს გამარჯვებამ გააჩინა შიში, რომ ამერიკის მმართველისთვის სასურველი პირის საბოლოოდ გაპრეზიდენტება პეკინს სოიოს მთავარ მიმწოდებელს წაართმევს და აშშ-ის ლიდერს სავაჭრო მოლაპარაკებებში უპირატესობას მიანიჭებს.

თუმცა, ადგილობრივი ბაზრის ლიდერები ტრამპის ინტერესებსაც კი ძალის არმქონედ მიიჩნევენ. ბრაზილიელი მილიარდერი, სოიოს მეფედ წოდებული აგრარული მაგნატი და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ბლაიორ მაჯი ღიად აცხადებს, რომ ვერც ფლავიო ბოლსონარუს გამარჯვება შეცვლის რამეს, რადგან პეკინთან კონფრონტაცია ბრაზილიური აგრობიზნესისთვის თვითმკვლელობა იქნება. როგორც ირკვევა, ბრაზილიელი ფერმერები მოსავლის 80%-ს პირდაპირ ჩინეთში ყიდიან და ამ მოცულობას სხვა ვერცერთი სახელმწიფოს ბაზარი ვერ აითვისებს.

და მაინც, რადგან ტრამპის პირობებში საფრთხეები მაინც არსებობს, თავის გადაზღვევა დაიწყო პეკინმა. სახელმწიფო კორპორაცია სინოგრეინმა საკუთარ 960 საცავში საგანგებო წესით განათავსა მთელი ქვეყნის ერთი წლის სამყოფი სოიო. ამას გარდა, ჩინეთმა აქტიურად დაიწყო გენმოდიფიცირებული სიმინდის მასობრივი თესვა და საკვებში სოიოს წილის 18-დან 10%-მდე შემცირება.

მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მილიარდ-ნახევარი ადამიანის კვებას საფრთხე არ შეექმნას, თუმცა დივერსიფიკაციის არარსებობის ფონზე, პეკინის დაპირება უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს, ვიდრე პასუხს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic AI საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის აქციების 5%-ს გასცემს

Anthropic AI საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის აქციების 5%-ს გასცემს

BM.GE

$151.67 მლნ-ის შემოსავალი და მილიონობით გაყიდული ბილეთი - რა შედეგებით ასრულებს Backstreet Boys 2026 წელს?

$151.67 მლნ-ის შემოსავალი და მილიონობით გაყიდული ბილეთი - რა შედეგებით ასრულებს Backstreet Boys 2026 წელს?

BM.GE

რეექსპორტში კლებაა - რომელ ქვეყნებში იყიდება საქართველოდან ავტომობილები

რეექსპორტში კლებაა - რომელ ქვეყნებში იყიდება საქართველოდან ავტომობილები

BM.GE

იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტს 2-3-თვიანი ლოჯისტიკა და სუსტი იენი ართულებს - "აჯიკა" გამოწვევებზე

იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტს 2-3-თვიანი ლოჯისტიკა და სუსტი იენი ართულებს - "აჯიკა" გამოწვევებზე

BM.GE