
როგორ მიიღო შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა $23-მილიარდიანი მოგება?
შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, უცხოური ვალუტითა და ოქროთი განხორციელებული ინვესტიციებით, $23.3 მილიარდის მოგება მიიღო.
აღნიშნულმა მაჩვენებელმა ცენტრალური ბანკის წლიური ჯამური მოგება დაახლოებით $53.8 მილიარდამდე გაზარდა, რაც წლის ბოლოს შვეიცარიის ფედერალური და ადგილობრივი მთავრობებისთვის საკმაოდ სოლიდური დივიდენდის გადახდის პერსპექტივას აჩენს.
მიუხედავად ამისა, 2026 წლის მესამე კვარტლის ჯამური მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 32%-ით არის შემცირებული, რაც ოქროს 35%-იან გაუფასურებას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ძვირფასი ლითონის ფასი რეკორდულად, 66%-ით გაიზარდა. თუმცა, 2026 წლის დასაწყისიდან ოქროს ღირებულება არასტაბილურია და ის დღემდე მცირდება.
ცნობისთვის შვეიცარიის ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დიდ ნაწილს უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ფინანსურ აქტივებში ათავსებს, პარალელურად კი მცირე მოცულობის შვეიცარიულ ობლიგაციებს ფლობს. მესამე კვარტლის ბოლოს სავალუტო რეზერვების 61% სახელმწიფო ობლიგაციებში იყო განთავსებული, 28% — აქციებში, ხოლო 11% — სხვა სახის ობლიგაციებში. რაც შეეხება ვალუტას, პორტფელის 39% ევროში, 37% — აშშ დოლარში, 7% — იაპონურ იენში, ხოლო 6% ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში იყო დენომინირებული.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სხვა მსხვილი ცენტრალური ბანკებისგან, მაგალითად, აშშ-ის ფედერალური რეზერვისა და ინგლისის ბანკისგან განსხვავებით, რომლებიც უშუალოდ საფონდო ბაზრებზე ინვესტირებას თავს არიდებენ, შვეიცარიის ეროვნული ბანკი მსხვილ სააქციო პორტფელს ფლობს.
BM.GE
წყარო: bm.ge