
როგორ შეიცვალა ბრიტანეთიდან ვაჭრობის, FDI-ს, ტურიზმის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლები?
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ამ ქვეყანასთან საქართველოს ვაჭრობამ 75,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 397.6 მლნ აშშ დოლარი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ამ მოცულობის სავაჭრო ბრუნვა ბრიტანეთიდან ნახატების იმპორტმა განაპირობა, რამაც 2025 წელი რეკორდულ წლად აქცია საქართველო-ბრიტანეთის ვაჭრობისთვის (543 მლნ აშშ დოლარი). შესაბამისად, წელს ბრიტანეთიდან იმპორტის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კლებაა, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, ეს მაჩვენებელი წელს მცირედით გაზრდილია და 4,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 4,4 მლნ აშშ დოლარი იყო.
წელს ბრიტანეთიდან იმპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, ექსპორტში კი - ფეროშენადნობები.
TOP-5 საექსპორტო საქონელი ბრიტანეთში (2026 წლის იანვარ-აპრილი):
• ფეროშენადნობები - 1,9 მლნ აშშ დოლარი • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 566 000 აშშ დოლარი • პლატინა დაუმუშავებელი ან ნახევრადდაუმუშავებელი ან ფხვნილის სახით - 434 900 აშშ დოლარი • მანგანუმის ოქსიდები - 222 800 აშშ დოლარი • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 220 100 აშშ დოლარი
TOP-5 საიმპორტო საქონელი ბრიტანეთიდან (2026 წლის იანვარ-აპრილი):
• მსუბუქი ავტომობილები - 29,8 მლნ აშშ დოლარი • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 6,2 მლნ აშშ დოლარი • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 5 მლნ აშშ დოლარი • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 3,2 მლნ აშშ დოლარი • ნაწილები და საკუთნოები საბეჭდი და გამომთვლელი მანქანებისათვის - 1,5 მლნ აშშ დოლარი
ბრიტანული ინვესტიციები საქართველოში 1997 წლიდან ფიქსირდება. ამ მხრივ რეკორდული წელი 2022 წელი იყო, როცა ამ ქვეყნიდან 656,8 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. გასულ წელს კი, ჯამურად 334,1 მლნ აშშ დოლარის ბრიტანული FDI ფიქსირდება, რაც 2024 წელთან შედარებით (431,1 მლნ აშშ დოლარი) კლებას აჩვენებს. თუმცა, ბრიტანეთი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
რაც შეეხება სექტორებს, ბრიტანეთიდან 2024 წელს ინვესტიციების დიდი ნაწილი საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ჩაიდო. 2025 წლის მონაცემებს კი bm.ge საქსტატიდან გამოითხოვს და შედეგებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
იზრდება ბრიტანული ინვესტიციები, თანამშრომლობა ფართოვდება მნიშვნელოვან სექტორებში - ბრიტანეთის საელჩო
ტურიზმი
დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურიზმი მზარდია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ბრიტანეთიდან 9479 ვიზიტი დაფიქსირდა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-მარტში - 6506 ვიზიტი იყო. საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში გაერთიანებული სამეფო მე-14 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთიდან 2025 წელს 2024 წელთან შედარებითაც გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლები. წლიური ზრდა 39% იყო. ხოლო ვიზიტების რაოდენობა 2025-ში - 45 018.
ფულადი გზავნილები
ბრიტანეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც იზრდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნიდან 14,5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 მლნ აშშ დოლარის გზავნილები ფიქსირდება. რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ზრდამ 10 მლნ აჩვენა. კერძოდ, გასულ წელს ჯამურად ამ ქვეყნიდან 58 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, როცა 2024-ში - 48 მლნ აშშ დოლარი. გადმორიცხვები 2017 წლიდან ყოველწლიურად ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
BM.GE
წყარო: bm.ge