
როგორ უნდა იპოვოთ ფასდაკლებული პროდუქცია - ყველაფერი "სოციალური კალათის" შესახებ|ინტერვიუ
"სპარი", "დეილი", "კალათა", "მაგნიტი", "გვირილა", "ნიკორა", "ლიბრე", "კარფური", აგროჰაბი", "უნივერსამი", ზღაპარი" – ეს „რითეილ ასოციაციაში“ შემავალი ის ქსელური მარკეტებია, სადაც მომხმარებელი ე.წ. „სოციალური კალათის“ პროექტის ფარგლებში ფასდაკლებულ "სოციალურ პროდუქციას" [ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, რძის პროდუქტები, ქათმის ხორცი...] იპოვის. ამის შესახებ BMGTV-ზე, ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში “რითეილ ასოციაციის” ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა განაცხადა. მან განმარტა, რომ „სოციალური კალათა“ აუცილებლად ფიზიკურ კალათას არ გულისხმობს და პროდუქცია ისევ დახლებზე იქნება განაწილებული.
„როდესაც „სოციალური კალათის“ შექმნა დავაანონსეთ, მოსახლეობას გაუჩნდა განცდა, რომ მაღაზიებში ფიზიკურად [დახვდებოდათ კალათები], რა თქმა უნდა, ეს ტერმინი გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული“, - აღნიშნა სოფო ქაშაკაშვილმა.
ის ირწმუნება, რომ ქსელური მაღაზიების აქამდე არსებულ პერიოდულ აქციებსა და პროექტ “სოციალურ კალათას” შორის სხვაობა ხელშესახებია და ფასდაკლება 10%-დან 50%-მდე მერყეობს. “თუ ადრე კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლება პერიოდულად წყდებოდა და ის ჩვეულებრივ ფასს უბრუნდებოდა, ახლა რითეილ ასოციაციის ყოველი წევრი ეცდება, მინიმუმ ერთი დასახელების სოციალურ პროდუქტზე მუდმივად ჰქონდეს ფასდაკლება“, - აღნიშნა მან.
სოფო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ "სოციალური კალათის“ შექმნა "სავაჭრო ქსელების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობისა და კეთილი ნების გამოხატულებაა" და ინსპირაცია ე.წ. "საოჯახო კალათის" მოდელი გახდა, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ აამოქმედა და ე.წ. "ფასების კომისიის" მიერ მომზადებულ დასკვნაშიც იყო საუბარი.
ცნობისთვის: საბერძნეთის მთავრობამ 2022 წელს დანერგა „საოჯახო კალათის“ (Household Basket) პროგრამა, რომლის ფარგლებში ქსელები ყოველკვირეულად წარადგენდნენ პირველადი საჭიროების პროდუქტებზე განახლებულ შეთავაზებებს, ხოლო ყველა ფასი ქვეყნდებოდა ოფიციალურ ციფრულ პლატფორმაზე (e-Katanalotis), რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელის ფასების პირდაპირ შედარების შესაძლებლობას აძლევდა.