
როგორი იქნებოდა ინფლაციის მაჩვენებელი, რომ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა"? - TBC Capital
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულად დაფინანსების ეფექტის გარეშე, სექტემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-ის ნაცვლად 6.3% იქნებოდა. ამის შესახებ TBC Capital-ის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო გახდა. ცვლილება სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველკურსელებს შეეხო, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში მანამდე მოქმედ სტუდენტებს არსებული გრანტები შეუნარჩუნდათ. ამასთან, 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ იღებენ.
TBC Capital-ის შეფასებით, უმაღლესი განათლების საფასურის მკვეთრი შემცირების ერთჯერადმა ეფექტმა ინფლაციის მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
კერძოდ, ამ ეფექტის გამორიცხვით, სექტემბერში საქსტატის საბაზო ინფლაცია 3.7%-ის ნაცვლად 5.1% იქნებოდა, მომსახურების ინფლაცია კი 3.7%-ის ნაცვლად 6.6%-ს მიაღწევდა.
TBC Capital-ის შეფასებით, ინფლაციის ძირითადი ტენდენციის საზომების უმეტესობა 2023 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეზეა. ამასთან, ძლიერდება მომსახურების გაძვირება, რაც მაღალი ინფლაციის შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნების რისკს ზრდის.
საპირისპიროდ, საქონლის, მათ შორის საკვების, ფასების ზრდა ნელდება, რაც მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელ გავლენას ახდენს.
საერთო ჯამში, TBC Capital 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6.0%-დან 5.7%-მდე ამცირებს. ორგანიზაციის განმარტებით, უმაღლესი განათლების საფასურის შემცირების გავლენა ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ინფლაციურ ზეწოლას აჭარბებს.
ამავდროულად, ნავთობის გაძვირების გაგრძელების შემთხვევაში ინფლაციამ შესაძლოა პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბოს. TBC Capital-ის მოლოდინით, სხვა თანაბარ პირობებში, ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, დეკემბერში კი კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამების სტუდენტების სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად მხოლოდ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში დაფარავს, ხოლო მესამე სემესტრიდან დაფინანსების ნახევარი დამსახურებაზე დაფუძნებული გახდება, რაც წინა შესაბამის სემესტრში მიღებული ECTS კრედიტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსების ნახევრის შესანარჩუნებლად, სტუდენტი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.
BM.GE
წყარო: bm.ge