
“რომ არა „opennet-ი“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დარჩენილიყო - უჩა სეთური
“მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, რომ არა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, მცირე ოპერატორების დაახლოებით 15-20% ბაზრიდან გაქრებოდა.
უჩა სეთურის თქმით, ინტერნეტიზაციის პროცესმა საბითუმო ფასებზე დიდი გავლენა იქონია. მაგალითად, თუ ადრე ერთი კილომეტრის იჯარა 30-35 ლარი ღირდა, „opennet“-ის ქსელში ეს ფასი 10.40 ლარამდე (დღგ-ს გარეშე) შემცირდა, რაც მცირე ოპერატორებისთვის იდეალური პირობაა.
“რომ არა „opennet“, შეიძლება ბაზარზე ოპერატორების დაახლოებით 15-20% დავრჩებოდით. opennet-ის ფასებმა იმოქმედა კანალიზაციის და კაბელის ფასებზე. თუ კილომეტრის იჯარა ღირდა 30-35 ლარი, ჩვენთვის opennet-ში გახდა 10,40. ამან დაგვტოვა ბაზარზე ნამდვილად. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი ნიშა, რომელსაც ვერავინ ვერ წაგვართმევს, მაგრამ პირობები მართლა შეიცვალა და გაუმჯობესდა.
თბილისი-ქუთაისი იყო აქამდე რაღაც უფსკრული და ამას დიდი ოპერატორები იყენებდნენ ჩვენ წინააღმდეგ. დღეს უკვე არსებული ალტერნატივა იძლევა იმის საშუალებას, რომ თბილისსა და ქუთაისს შორის ტრაფიკი ვამოძრაოთ და ვემზადებით კიდევაც, რომ 2-3 DWDM ქსელი ავაგოთ და 50-ს რომ ვიხდიდით პირობითად მეგაბიტის გატარებაში, ეს უკვე ჩვენი ხარჯებით გავაკეთოთ და ხარჯები ბევრად დავაოპტიმიზიროთ”,-აცხადებს უჩა სეთური.
აღსანიშნია, რომ 2027 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა წერტილში ინტერნეტთან წვდომა შესაძლებელი გახდება - ამას საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ახალი გეგმა ითვალისწინებს. 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა 2025 წლის ბოლოსთვის უნდა აშენებულიყო, თუმცა ვადა 2 წლით გახანგრძლივდა. 50%-ით გაიზარდა პროექტის ბიუჯეტიც.
რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ქსელის ასაგებად გამოყოფილი 70 მლნ ევრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც საქართველომ მსოფლიო ბანკისგან Log-In Georgia-სთვის დამატებით 40 მილიონი ისესხა.
კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასული წლის ბოლოსთვის 5 ათასი კილომეტრიდან ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით 2035 კილომეტრი ტერიტორია დაიფარა, მშენებლობის ეტაპზე კი 887 კილომეტრია. „ოუფენ ნეტის“ მიერ აშენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, კი უკვე 18 ინტერნეტ-პროვაიდერი და 3 მობილური ოპერატორი მომსახურებას 100,000-ზე მეტ მოსახლეს აწვდის.
შეგახსენებთ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” დაფუძნდა, რომელსაც საქართველოში ინტერნეტის ფართოზოლიანი კავშირის პროექტის განხორციელება დაევალა.
პროგრამა ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზებას გულისხმობს. საყოველთაო ინტერნეტიზაციისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2020 წლიდან დაიწყო, 2021 წლიდან კი, სამშენებლო სამუშაოები Log-in Georgia-ს ფარგლებში, IBRD-ის სესხის საფუძველზე გაგრძელდა.
გეგმის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის სულ 5000 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, თუმცა გასული წლის მდგომარეობით,ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურით 2035 კილომეტრი ტერიტორია დაიფარა, მშენებლობის ეტაპზე კი 887 კილომეტრია, რაც კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, 260,000-მდე მოსახლეს და მათთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობებს გულისხმობს.
BM.GE
წყარო: bm.ge