
რომელ ავტომწარმოებლებს აქვთ ყველაზე მაღალი მოგების მარჟა?
საავტომობილო ბაზარზე კომპანიების ფინანსურ ეფექტიანობასა და მოგებიანობას მნიშვნელოვანწილად სტრატეგიული პოზიციონირება განსაზღვრავს. მიმდინარე მონაცემებით, გლობალურ ავტომწარმოებლებს შორის ყველაზე მაღალი მოგების მარჟით იტალიური სუპერქარების ბრენდი Ferrari გამოირჩევა, რომლის საოპერაციო მოგების მაჩვენებელიც 28%-ის ფარგლებში მერყეობს. ექსკლუზიურობითა და მაღალი საფასო პოლიტიკით ცნობილი კომპანიის ფინანსურ წარმატებას პროდუქციაზე არსებული მუდმივი მოთხოვნა და მომხმარებელთა რიგები განაპირობებს. სხვა ბრენდებისგან განსხვავებით, Ferrari არ არის ჩართული ფასების ომში, არ აკეთებს ფასდაკლებებს და საერთოდაც არ ფიქრობს დიდი რაოდენობით ავტომობილების გაყიდვაზე, რადგან როგორც მისი შემქმნელი ენცო ფერარი ამბობდა, Ferrari ყოველთვის იშვიათი, ძვირი და ხელმიუწვდომელი უნდა იყო.
რეიტინგში მეორე პოზიციას გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი Porsche იკავებს, რომლის მოგების მარჟა 18%-ის ფარგლებშია. ასეთი მაღალი მოგების მაჩვენებელი მაღალტექნოლოგიური მოდელების პოპულარობითა და ძვირად ღირებული ინდივიდუალური მოდელების რეალიზაციით არის განპირობებული. Ferrari-ის მსგავსად, Porsche 911-ზე ყოველთვის იმაზე მაღალია მოთხოვნა, ვიდრე მიწოდებაა და სწორედ ეს დისბალანსი წარმოშობს კომპანიისთვის მაღალი მოგების მარჟის შენარჩუნების საშუალებას.
დედამიწის მეორე მხარეს, სამხრეთკორეული Kia და იაპონური გიგანტი Toyota მაღალ მოგებიანობას წარმოების ოპტიმიზაციითა და ხარჯების მკაცრი კონტროლით აღწევენ. Kia-ს მარჟა 12%-ს შეადგენს, რაც მოდელების წარმოების სიიაფეს უკავშირდება. რაც შეეხება Toyota-ს, წამყვანი ჰიბრიდული მოდელების პოპულარობის წყალობით, კომპანია 10%-იდან 13%-მდე მარჟას ინარჩუნებს, რაც ამ იაპონური ბრენდის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესით და ნდობით არის განპირობებული.
ამასთან, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla, რომლის მოგების მარჟაც 10%-დან 11%-მდე მერყეობს, სრულიად განსხვავებულ ბიზნესმოდელს იყენებს. საყურადღებოა, რომ კომპანია დილერების გარეშე, პირდაპირი გაყიდვების სისტემით მუშაობს და წარმოების ხარჯებს ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციით ამცირებს. Tesla-ს B2C გაყიდვების სტრატეგია იმდენად წარმატებულია, რომ ახლა მის დაკოპირებას სხვა კომპანიებიც ცდილობენ.