
რომელი კომპანიების აქციები იყიდა და გაყიდა Berkshire-მა?
საინვესტიციო ჰოლდინგ Berkshire Hathaway-ის მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საინვესტიციო გიგანტმა, ახალი აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ აბელის ხელმძღვანელობით, პორტფელში არსებულ ოთხ პოზიციას კაპიტალი დაამატა, ხოლო ორ კომპანიაში სრულიად ახალი პოზიციები გახსნა.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური შენაძენი Google-ს უკავშირდება, სადაც Berkshire-მა A კლასის აქციების წილი 204%-ით გაზარდა. გარდა ამისა, საინვესტიციო გიგანტმა ახალი პოზიცია გახსნა Google-ის Class C კლასის აქციებშიც, რის შემდეგაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიის უმსხვილეს ინვესტიციებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა. პარალელურად, კომპანიამ მედიაჰოლდინგ New York Times-ში საკუთარი წილი თითქმის გაასამმაგა, სამშენებლო გიგანტ Lennar-ის ფასიანი ქაღალდების მოცულობა კი მნიშვნელოვნად გაზარდა.
რაც შეეხება სრულიად ახალ კაპიტალდაბანდებებს, უმსხვილესი პოზიცია ავიაკომპანია Delta Air Lines-ში გაიხსნა. საინვესტიციო გიგანტმა $2.6 მილიარდის ღირებულების 39.8 მილიონი აქცია შეიძინა, ახალ აქტივებს შორის მეორე ადგილი კი Macy's-მა დაიკავა, რომლის 3 მილიონი აქციაც კომპანიის მფლობელობაში გადავიდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უორენ ბაფეტი კვლავ აქტიურად არის ჩართული კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. ცნობილ ინვესტორს არაერთხელ გამოუთქვამს სინანული იმის გამო, რომ Google-ის აქციები წლების წინ არ შეიძინა, თუმცა ამჯერად, კომპანიის ძლიერი საბაზრო პოზიციების გათვალისწინებით, მან გრეგ აბელის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა.
რაც შეეხება აქტივების გასხვისების ნაწილს, კომპანიამ Amazon-ის, UnitedHealth-ის, აგრეთვე Visa-სა და Mastercard-ის აქციები სრულად გაყიდა. სარეზერვო პორტფელიდან ასევე ამოღებულია სადაზღვევო ბროკერ Aon-ის, Domino's Pizza-სა და Pool-ის მცირე წილები.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Berkshire Hathaway-მ ნავთობკომპანია Chevron-ის აქციების 35% გაასხვისა, თუმცა ეს კომპანია Berkshire-ის უმსხვილესი ინვესტიციების ხუთეულში ადგილს მაინც ინარჩუნებს.