
რუსეთის ბიზნესწრეებში პანიკაა - WP
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის იერიშების ფონზე, ქვეყანაში მოსახლეობისა და ხელისუფლების შეშფოთება იზრდება.
The Washington Post-ის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე კვირაში საგანგებო თათბირი გამართა, რაც 15-21 ივნისის პერიოდში ბენზინის წარმოების 25%-ით შემცირებას და ათეულობით რეგიონში საწვავის მოხმარებაზე ლიმიტების დაწესებას უკავშირდება. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა ყირიმშიც, სადაც მოსახლეობაში საკვებისა და გადაადგილების პრობლემების გამო პანიკა შეინიშნება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გეოპოლიტიკური კრიზისის პარალელურად, რუსეთის ფინანსური სტაბილურობა მკვეთრად უარესდება. აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი ბარელზე $50-მდე შემცირდა, რამაც ბიუჯეტის დეფიციტი სწრაფად გააღრმავა.
მაისის ბოლოს მონაცემებით, დეფიციტმა $83 მილიარდს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს და უკვე აჭარბებს მთელი 2026 წლისთვის დაგეგმილ $48 მილიარდს. ვითარების დასარეგულირებლად მთავრობამ ბიუჯეტის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რაც ფინანსთა სამინისტროს პარლამენტის ნებართვის გარეშე დამატებითი სახსრების მოზიდვისა და დახარჯვის უფლებას აძლევს.
ამასთან, ეროვნული კეთილდღეობის ფონდი თითქმის ამოწურულია, რის გამოც უწყება სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას ზრდის. ბიზნესწრეებში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამხედრო ხარჯების დასაფარად ხელისუფლებამ შესაძლოა მოქალაქეების პირადი დანაზოგების მობილიზებას მიმართოს და ეროვნულ სიმდიდრის ფონდთან ერთად, საპენსიო დანაზოგების გამოყენებაც დაიწყოს.
საყურადღებოა, რომ რუსი მაღალჩინოსნები საჯაროდ უკრაინული დარტყმების შედეგების დაკნინებას აქტიურად ცდილობენ. ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა რთული, თუმცა კონტროლირებადია. ფინანსთა მინისტრმა კი ბენზინის ფასების საგრძნობი მატება საერთოდ უარყო.
ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლის მიერ პრობლემების უგულებელყოფა კრიზისს მხოლოდ აძლიერებს. ამის მაგალითი ისაა, რომ სამხედრო უწყებებმა ვერ შეძლეს უკრაინის შესაძლებლობების პროგნოზირება, არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ინფრასტრუქტურის დასაცავად არასაკმარისი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი გაჭიანურებული ომის პირობებში კურსის შეცვლას ან კომპრომისზე წასვლას მაინც არ აპირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge